„ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონი
მუხლი 22. კომისიის უფლებამოსილებები ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით ენერგიის გარდაქმნის, გადაცემისა და განაწილების სექტორებში
1. ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების სფეროებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას კომისია უფლებამოსილია გაითვალისწინოს ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების სამართლებრივი მოთხოვნები და უზრუნველყოს მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება, რომელიც წაახალისებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს, განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას და ექსპლუატაციისას.
2. კომისია უზრუნველყოფს, რომ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი სისტემის ოპერატორებმა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა განახორციელონ ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებები, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და ექსპლუატაციისას სისტემის ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება. ამ ოპერატორმა კომისიას უნდა წარუდგინოს აღნიშნული შეფასება, როგორც შესაბამისი ქსელის განვითარების სამოქმედო გეგმის ნაწილი. სისტემების ენერგოეფექტურობის პოტენციალის შეფასება უნდა მოიცავდეს: ა) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისა და შესაბამისი ინვესტიციების განხორციელებას; ბ) გადამცემი სისტემის ოპერატორის ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ გადამცემ/ტრანსპორტირების და გამანაწილებელ ქსელებში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის დანაკარგების შემცირების შესაძლებლობის შეფასებას.
