1.ამ დებულების მიზნებისთვის ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საბარათე ინსტრუმენტი – საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის, საგადახდო ბარათი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია/ინტეგრირებულია შესაბამისი საგადახდო აპლიკაცია და რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება; ბ) საგადახდო ბარათი (შემდგომში – ბარათი) – ემიტენტის მიერ გამოშვებული ელექტრონული საგადახდო ინსტრუმენტის კატეგორია, რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია განახორციელოს საბარათე ოპერაციის ინიციირება; გ) საგადახდო აპლიკაცია – მოწყობილობაში ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა ან მისი ეკვივალენტი, რომლითაც შესაძლებელია საბარათე ოპერაციის ინიციირება და გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გაცემა; დ) პერსონიფიცირებული ბარათი – ბარათი, რომელზეც ასახულია მფლობელის სახელი და გვარი ან სახელის ინიციალი და გვარი. ასევე, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი ჩაწერილია ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში; ე) არაპერსონიფიცირებული ბარათი – ბარათი, რომელიც არ არის პერსონიფიცირებული ბარათი; ვ) სადებეტო ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც მის მფლობელს საშუალებას აძლევს ემიტენტ კომერციულ ბანკთან/მიკრობანკთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განკარგოს მის საბანკო ანგარიშზე არსებული ხელმისაწვდომი თანხები; ზ) საკრედიტო ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები განახორციელოს ემიტენტის მიერ მინიჭებული საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში, გარდა ოვერდრაფტისა; თ) წინასწარი გადახდის ბარათი – საბარათე ინსტრუმენტი, რომლის საშუალებით ოპერაციები სრულდება მხოლოდ წინასწარ ჩარიცხული თანხის (ნომინალური ოდენობის ელექტრონული ფულის) ფარგლებში (საკრედიტო ლიმიტი არ დაიშვება); ი) ვირტუალური ბარათი – ბარათის ფიზიკურად არსებობის გარეშე ბარათის რეკვიზიტების (სულ მცირე, ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობა, რომლის საშუალებით ავთენტიფიკაციის შესაბამისი ზომების დაცვით ბარათის მფლობელს შეუძლია განახორციელოს გადახდები ემიტენტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად; კ) კომერციული ბარათი – იურიდიული პირისთვის ან მეწარმე ფიზიკური პირისთვის გამოშვებული საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ამ პირის ხარჯებისთვის და რომლის საშუალებით შესრულებული საბარათე ოპერაციების ასახვა ხდება იურიდიული პირის ან მეწარმე ფიზიკური პირის კუთვნილ ანგარიშებზე; ლ) მეწარმე ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საქმიანობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 36-ე მუხლის შესაბამისად; მ) ბარათის მფლობელი – საბარათე ინსტრუმენტით მოსარგებლე იდენტიფიცირებული პირი; ნ) ბარათის შემძენი: ნ.ა) ფიზიკური პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს პირადი სარგებლობისთვის ან სხვა ფიზიკური პირისთვის სარგებლობაში გადასაცემად; ნ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც შეიძენს არაპერსონიფიცირებულ წინასწარი გადახდის ბარათს ფიზიკური პირისთვის სარგებლობაში გადასაცემად; ო) ემიტენტი – პროვაიდერი, რომელიც უშვებს საგადახდო ინსტრუმენტს, რომლითაც შესაძლებელია საბარათე ოპერაციის ინიციირება; პ) საბარათე ანგარიში – ემიტენტ კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილი მომხმარებლის მიმდინარე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიში, რომელზეც აისახება სადებეტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები, ასევე საკრედიტო ბარათით შესრულებული ოპერაციები, თუ ამ ოპერაციებისთვის მიმდინარე ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის ბალანსის შევსება ხდება სასესხო ანგარიშიდან. ასევე, პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ელექტრონული საფულე (ელექტრონული ფულის ანგარიში), რომელზეც აისახება წინასწარი გადახდის ბარათებით შესრულებული ოპერაციები; ჟ) საკრედიტო ბარათის ანგარიში – ემიტენტ კომერციულ ბანკში, მიკრობანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გახსნილი ანგარიში, რომელზეც აისახება საკრედიტო ბარათებით შესრულებული ოპერაციები; რ) ხარჯვის ლიმიტი – ემიტენტის მიერ დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ბარათის მეშვეობით ფულადი სახსრების განკარგვის ზღვრული თანხობრივი ოდენობა; ს) საბარათე გადახდის ოპერაცია (შემდგომში – საბარათე ოპერაცია) – საბარათე სქემის მიხედვით საბარათე ინფრასტრუქტურის საშუალებით საბარათე ინსტრუმენტით, მათ შორის, ბარათის რეკვიზიტებით შესრულებული სადებეტო და საკრედიტო ოპერაციები, რომლის საფუძველზე ხდება ოპერაციის თანხის საბარათე/საკრედიტო ბარათის ანგარიშზე ასახვა/ბარათის ბალანსის ცვლილება; ტ) პინი – ბარათის მფლობელის პერსონალური, კონფიდენციალური კოდი, რომელიც გამოიყენება როგორც ბარათის მფლობელის ავთენტიფიკაციის ერთ-ერთი ელემენტი; უ) ბანკომატი – თვითმომსახურების ელექტრონული პროგრამულ-ტექნიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ბარათის მფლობელს შეუძლია ნაღდი ფულის გატანა/შეტანა; ფ) პოს-ტერმინალი – ელექტრონული პროგრამული უზრუნველყოფა ან/და ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება: ფ.ა) პროვაიდერის მომსახურების ოფისიდან თანხის გასატანად; ფ.ბ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში საბარათე ინსტრუმენტით გადახდის განსახორციელებლად, რომელიც საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდასთან ერთად (გარდა ელექტრონული კომერციის ოპერაციისა) შესაძლოა მოიცავდეს ნაღდი ფულის გატანასაც; ქ) ემიტენტის 3D უსაფრთხოება – 3D Secure პროტოკოლზე აგებული სერვისი, რომლის საშუალებით ემიტენტი ელექტრონული კომერციის ტერმინალის მეშვეობით ინიციირებულ საბარათე ოპერაციაზე დასტურს გასცემს მხოლოდ ბარათის მფლობელის ავთენტიფიკაციის განხორციელების შემდეგ; ღ) ექვაირერის 3D უსაფრთხოება – 3D Secure პროტოკოლზე აგებული სერვისი, რომლის საშუალებით ელექტრონული კომერციის ტერმინალის ექვაირერი მიმართავს ემიტენტს ბარათის მფლობელის ავთენტიფიკაციის მოთხოვნით; ყ) ელექტრონული კომერციის ტერმინალი – ექვაირერის სისტემაში რეგისტრირებული ვირტუალური პოს-ტერმინალი (პროგრამული უზრუნველყოფა), რომლის საშუალებით ინტერნეტსივრცეში ხორციელდება ელექტრონული კომერციის ობიექტის სასარგებლოდ საბარათე ოპერაცია, ასევე, ოპერაციის გაუქმების და თანხის დაბრუნების ოპერაციები; შ) ელექტრონული კომერციის ობიექტი – სავაჭრო/მომსახურების ობიექტი, რომელიც თავისი საქონლის/მომსახურების გაყიდვას ახდენს ელექტრონული კომერციის ტერმინალით; ჩ) სავაჭრო პლატფორმა – ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც სხვადასხვა სავაჭრო/მომსახურების ობიექტი ახორციელებს თავისი საქონლის/მომსახურების გაყიდვას ერთი ვებ-გვერდიდან; ც) სავაჭრო პლატფორმის ორგანიზატორი – კომერციული შუამავალი, რომელიც მართავს სავაჭრო პლატფორმას; ძ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი – იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც ექვაირერთან ან სუბ-ექვაირერთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ექვაირინგის მომსახურებაზე; წ) უკონტაქტო საბარათე ინსტრუმენტი – საბარათე ინსტრუმენტი, რომელიც ინფორმაციას გადასცემს უკონტაქტო გადაცემის ტექნოლოგიით; ჭ) საბარათე ქვითარი – ბანკომატის ან პოს-ტერმინალის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდას, საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ნაღდი ფულის გაცემას ან სხვა საბარათე ოპერაციის განხორციელებას, ასევე აღნიშნული ოპერაციების წარმატებით განუხორციელებლობის შემთხვევაში ასახავს შესაბამის ინფორმაციას; ხ) ექვაირინგი − საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტთან ან სხვა პირთან (სავაჭრო პლატფორმის ორგანიზატორთან, სუბ-ექვაირერთან) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებით, საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით გადახდის ოპერაციის, საგადახდო ინსტრუმენტის რეკვიზიტებით ინტერნეტგადახდის ოპერაციის, საგადახდო ინსტრუმენტის მეშვეობით ნაღდი ფულის გატანის ოპერაციის განხორციელებას და შესაბამის ანგარიშსწორებას; ჯ) ექვაირერი – ექვაირინგის განმახორციელებელი პროვაიდერი; ჰ) სუბ-ექვაირინგი – საქმიანობა, რომელიც მოიცავს პროვაიდერის მიერ ექვაირერთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ხელშეკრულების გაფორმებას და მათთან ანგარიშსწორებას; ჰ 1 ) სუბ-ექვაირერი – პროვაიდერი, რომელიც ახორციელებს სუბ-ექვაირინგს; ჰ 2 ) ოფლაინ ოპერაცია – ოპერაცია, რომელიც დადასტურებული ან უარყოფილია ემიტენტთან დაკავშირების გარეშე; ჰ 3 ) ონლაინ ოპერაცია – ოპერაცია, რომელიც დადასტურებული ან უარყოფილია ემიტენტის ან შესაბამისი საბარათე სქემის მიერ ემიტენტის სახელით; ჰ 4 ) საბარათე სქემა – საერთაშორისო საბარათე სქემები (Visa, MasterCard, UnionPay, American Express და სხვა) და ლოკალური საბარათე სქემები, რომლებსაც გააჩნიათ საერთო წესების, ტექნიკური სტანდარტების და დანერგვის სახელმძღვანელოების ერთობლიობა, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბარათე ოპერაციის დამუშავება, ასევე იგი მოიცავს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს ან პირს, რომელიც პასუხისმგებელია სქემის ფუნქციონირებაზე. საბარათე სქემა არ მოიცავს ტექნიკურ ინფრასტრუქტურას და საგადახდო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს საბარათე ოპერაციის შესრულებას; ჰ 5 ) ლოკალური საბარათე სქემა – საქართველოში მოქმედი პროვაიდერის და/ან საგადახდო სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული საბარათე სქემა, რომლის მიხედვით საბარათე ოპერაციების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში მოქმედი პროვაიდერის საბარათე ინსტრუმენტის მიმღებ მოწყობილობებში; ჰ 6 ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის კოდი ან MCC – ISO 18245 სტანდარტით სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობების ჭრილში დადგენილი ოთხნიშნა კოდი; ჰ 7 ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საკომისიო – საკომისიო, რომელსაც სავაჭრო/მომსახურების ობიექტი უხდის ექვაირერს საბარათე ოპერაციების შესრულებისთვის; ჰ 8 ) ქო-ბრენდი – ერთსა და იმავე საბარათე ინსტრუმენტზე სულ მცირე ერთი საგადახდო ბრენდის და სულ მცირე ერთი არასაგადახდო ბრენდის არსებობა; ჰ 9 ) საგადახდო ბრენდი – მატერიალური ან ციფრული დასახელება, ტერმინი, ნიშანი, სიმბოლო ან მათი კომბინაცია, რომელთა საშუალებით შესაძლებელია იმ საბარათე სქემის განსაზღვრა, რომლითაც სრულდება საბარათე ოპერაციები; ჰ 10 ) ქო-ბეჯინგი – საგადახდო ინსტრუმენტზე ორი ან მეტი საგადახდო ბრენდის ან ერთი საგადახდო ბრენდის ორი ან მეტი საგადახდო პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა; ჰ 11 ) გადახარჯვა – მომხმარებლის არაპირდაპირი თანხმობის საფუძველზე ავტომატურად დაშვებული იმ ოდენობის ოვერდრაფტი, რომელიც აღემატება მომხმარებლის საბარათე ანგარიშზე არსებულ თანხას ან/და ცალსახად შეთანხმებული ოვერდრაფტის, ან საკრედიტო ბარათის შემთხვევაში – საკრედიტო ლიმიტის ოდენობას.
2.ამ დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელობები. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ივნისის ბრძანება №152/04 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ. თავი II საბარათე ინსტრუმენტის გამოშვება

