1.კომერციულ ბანკს და მიკრობანკს უფლება აქვს გამოუშვას ყველა ტიპის (სადებეტო, საკრედიტო, წინასწარი გადახდის) ბარათი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას – საკრედიტო ბარათი, ხოლო რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერს – წინასწარი გადახდის ბარათი.
2.საერთაშორისო საბარათე სქემის საბარათე ინსტრუმენტის გამოშვების შემთხვევაში, ემიტენტი ვალდებულია აღნიშნული მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში – ეროვნული ბანკი) წარუდგინოს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ ემიტენტს გააჩნია შესაბამისი რესურსი, კვალიფიკაცია და მექანიზმები აღნიშნული მომსახურების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, ასევე ამ მომსახურებასთან დაკავშირებული რისკების სამართავად.
3.თუ ემიტენტი გეგმავს ქო-ბრენდისა და ქო-ბეჯინგის პროდუქტების დანერგვას, ვალდებულია აღნიშნული მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე ეროვნულ ბანკს წარუდგინოს აღნიშნული პროდუქტის (პროდუქტების) აღწერა.
4.ემიტენტი ვალდებულია შეიმუშაოს საბარათე ინსტრუმენტის გაცემის პოლიტიკა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს მომხმარებლის პროფილიდან გამომდინარე: შესაბამისი საბარათე პროდუქტის გადაცემას, ოპერაციების ლიმიტების განსაზღვრას, გარკვეული ოპერაციების შეზღუდვას და სხვა. ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს თაღლითობის მაღალი რისკის მქონე სავაჭრო/მომსახურების ობიექტების (MCC-ის ჭრილში) ჩამონათვალი, რომელთანაც ოპერაციების განხორციელების შესახებ მომხმარებლის თანხმობის მიღება უნდა განხორციელდეს საბარათე ინსტრუმენტის გააქტიურებამდე. თუ მომხმარებლის მიერ თანხმობა გაცემული იყო მაღალრისკიან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ოპერაციების განხორციელებაზე, მას ნებისმიერ მომენტში უნდა ჰქონდეს აღნიშნული თანხმობის გაუქმების საშუალება. საბარათე ინსტრუმენტის გადაცემის შემდეგ, ემიტენტი უფლებამოსილია მაღალრისკიან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ოპერაციების განხორციელებაზე მომხმარებლის თანხმობა მიიღოს უშუალოდ თავისი მომსახურების ოფისებში ან დისტანციურად მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის საფუძველზე. ემიტენტმა პერიოდულად უნდა განახორციელოს ამ პუნქტით განსაზღვრული პოლიტიკის ფარგლებში დადგენილი წესებისა და პროცედურების გადახედვა რეალიზებული და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით.
5.თუ ემიტენტი მომხმარებლისთვის საბარათე ინსტრუმენტის ან ბარათის რეკვიზიტების გადაცემას მესამე მხარის საშუალებით ახორციელებს, ემიტენტი ვალდებულია საკუთარ თავზე აიღოს საგადახდო ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებული ყველა რისკი.
6.ემიტენტი ვალდებულია: ა) გადასცეს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელს/ბარათის შემძენს საბარათე ინსტრუმენტით სარგებლობის წესი და რეკომენდაციები საბარათე ინსტრუმენტის სარგებლობასთან დაკავშირებით ან მიუთითოს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყარო, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია; ბ) გააცნოს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელს/ბარათის შემძენს საბარათე ინსტრუმენტის სარგებლობის პირობების დაცვის მნიშვნელობა და გაუწიოს რეკომენდაციები საბარათე ინსტრუმენტის უსაფრთხო გამოყენებასთან დაკავშირებით; გ) მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საბარათე ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად; დ) პერიოდულად განახორციელოს საგადახდო ინსტრუმენტის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაციის ვერიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები არავერიფიცირებული საკონტაქტო ინფორმაციის განსაახლებლად.
7.ემიტენტს უნდა გააჩნდეს საჩივრის განხილვის პროცედურები. ემიტენტი ვალდებულია განიხილოს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის საჩივარი განხორციელებულ ოპერაციასთან დაკავშირებით საჩივრის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღისა. თუ პროვაიდერისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება საჩივრის განხილვა და მასზე გადაწყვეტილების მიღება, ემიტენტი ვალდებულია აცნობოს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელს დაგვიანების დასაბუთებული მიზეზი, საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადა. საჩივარზე გადაწყვეტილების მიღებისა და საბარათე ინსტრუმენტის მფლობელისთვის გაცნობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს საჩივრის მიღებიდან 55 სამუშაო დღეს.
8.საბარათე ინსტრუმენტით საქართველოში შესრულებული სადავო ტრანზაქციის განხილვის პროცესში ემიტენტი ვალდებულია დაუკავშირდეს ექვაირერს ან საბარათე ოპერაციაში ჩართულ სხვა მხარეს განხორციელებული ოპერაციის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ემიტენტისთვის სადავო ტრანზაქციის ყველა დეტალი და გარემოება ცნობილია.
9.ემიტენტს ასევე ეკისრება პასუხისმგებლობა საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის მიმართ, თუ: ა) მის მიერ ან მისი აუთსორსინგული კომპანიის მიერ უსაფრთხოების პროცედურების დაუცველობის შედეგად საბარათე ინსტრუმენტთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირისთვის; ბ) უშუალოდ მისი პროგრამულ-ტექნიკური ხარვეზის გამო საბარათე ინსტრუმენტის მფლობელმა განიცადა დანაკლისი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ივნისის ბრძანება №152/04 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.

