1.ემიტენტი ვალდებულია საბარათე ინსტრუმენტის მფლობელთან გააფორმოს საბარათე ინსტრუმენტის მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან ერთად გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) საბარათე ინსტრუმენტის დასახელება, საბარათე სქემა და ბარათის ტიპი; ბ) საბარათე ინსტრუმენტის, მათ შორის, ბარათის ფუნქციონალით აღჭურვილი აქსესუარების (სტიკერი, სამაჯური, საათი და სხვა) და საგადახდო აპლიკაციის გამოყენების წესი, უსაფრთხოების პირობები, შეზღუდვები, კონკრეტულ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებული პროვაიდერის მიერ დაწესებული ყველა შესაძლო საკომისიო და მისი გამოთვლის პრინციპი; გ) საბარათე ინსტრუმენტის (მათ შორის, აქსესუარის, საგადახდო აპლიკაციის) უსაფრთხოების მოთხოვნები. ასევე, ბარათის ტიპიდან გამომდინარე არსებული შესაძლო რისკები (მათ შორის, საგადახდო აპლიკაციის, უკონტაქტო ბარათის/საბარათე ინსტრუმენტის და ბარათის ფუნქციონალით აღჭურვილი აქსესუარების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები); დ) მხარეთა უფლება-მოვალეობები, მათ შორის, საბარათე ინსტრუმენტის მფლობელისგან საბარათე ინსტრუმენტის/საბარათე მონაცემების, მობილურის, აქსესუარის დაკარგვის ან მოპარვის, ან არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელებაზე ინფორმაციის მიღების შემდგომ ემიტენტის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა (მათ შორის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პროვაიდერის ვალდებულება და პასუხისმგებლობა); ე) საბარათე ინსტრუმენტის/საბარათე მონაცემების, მობილურის, აქსესუარის დაკარგვის, მოპარვის ან არაავტორიზებული ოპერაციის განხორციელებაზე ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის მიერ განსახორციელებელი ქმედებები (მათ შორის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საგადახდო მომსახურების მომხმარებლის ვალდებულებები); ვ) საბარათე სქემის მიერ დადგენილი საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებადი ყველა ოპერაციის ხასიათი/მახასიათებლები ან შესაძლო შედეგი (ონლაინ, ოფლაინ, ავტომატურად განმეორებადი (რეკურენტული), გადახარჯვა და სხვა) და ამ ოპერაციების ჭრილში საბარათე ინსტრუმენტის მფლობელისა და პროვაიდერის ვალდებულება და პასუხისმგებლობა; ზ) საბარათე ოპერაციების განხორციელებიდან მათი ანგარიშზე ასახვის ვადებზე ინფორმაცია. ასევე, კონვერტაციის პირობები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას კონვერტაციისას გამოყენებული კურსის წყაროს და თარიღის შესახებ ამ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად; თ) საბარათე ინსტრუმენტით წარმოებული ოპერაციების გასაჩივრების ვადები და წარსადგენი თანმხლები ინფორმაციის ჩამონათვალი; ი) საჩივრის განხილვის პროცედურა და ვადა; კ) განსაკუთრებული და ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ვადის გახანგრძლივების შესახებ საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ინფორმირების ვალდებულება; ლ) შესრულებულ ოპერაციებზე ინფორმაციის და/ან ანგარიშის ამონაწერის მიწოდების პირობები; მ) ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 6 იანვრის №1/04 ბრძანებით დამტკიცებული „საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესით“ განსაზღვრული პირობები.
2.ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საბარათე ინსტრუმენტის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების გაფორმების ნაცვლად ემიტენტმა ინსტრუმენტის მომხმარებელს უნდა გადასცეს მხოლოდ საბარათე ინსტრუმენტით სარგებლობის პირობები და წესები ან მიუთითოს საჯაროდ ხელმისაწვდომი წყარო, სადაც განთავსებულია აღნიშნული ინფორმაცია.

