1.ერთი და იმავე საბარათე ანგარიშიდან ფულადი სახსრების/საკრედიტო ბარათის ანგარიშიდან საკრედიტო ლიმიტის განკარგვა შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა საბარათე ინსტრუმენტით (დამატებითი ბარათით/საბარათე ინსტრუმენტით).
2.სადებეტო ბარათზე შესაძლებელია კომერციულმა ბანკმა და მიკრობანკმა დაუშვას ოვერდრაფტი წინასწარ განსაზღვრული თანხის ფარგლებში.
3.საბარათე ინსტრუმენტით გადახდის შესრულების ფაქტობრივი თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს საბარათე ანგარიშებზე/საკრედიტო ბარათის ანგარიშებზე მისი ასახვის თარიღისაგან.
4.საბარათე ინსტრუმენტით განხორციელებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელია საბარათე ინსტრუმენტის მფლობელად ემიტენტთან იდენტიფიცირებული პირი, გარდა არაავტორიზებული ან არასწორად შესრულებული ტრანზაქციისა.
5.საბარათე ანგარიშის მფლობელთან შეთანხმებით სადებეტო ბარათის/საბარათე ინსტრუმენტის საშუალებით ოპერაციების შესასრულებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის იმავე კომერციულ ბანკში/მიკრობანკში არსებული სხვა მიმდინარე ან/და მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშებზე არსებული თანხა. ანგარიშებზე არსებული თანხების გამოყენების თანმიმდევრობას განსაზღვრავს საბარათე ანგარიშის მფლობელი. თუ ეს ტექნიკურად შეუძლებელია, მაშინ პროვაიდერი ვალდებულია დაადგინოს მომხმარებლისათვის ყველაზე ხელსაყრელი თანმიმდევრობა.
6.თუ საბარათე ინსტრუმენტით შესაძლებელია სხვადასხვა ვალუტის თანხის გამოყენება, საბარათე ოპერაციების ანგარიშზე ასახვა უნდა განხორციელდეს პირველ რიგში იმ ვალუტაში, რა ვალუტაშიც განხორციელდა ოპერაცია. თუ მომხმარებელს არ აქვს საბარათე ოპერაციის ვალუტის თანხა შესაბამის საბარათე ანგარიშზე/საკრედიტო ბარათის ანგარიშზე და ამ ოპერაციის ანგარიშსწორება განხორციელდა საბარათე სქემის მიერ, მაშინ ოპერაციის ასახვა ანგარიშზე უნდა განხორციელდეს საბარათე სქემის ანგარიშსწორების ვალუტაში.
7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვალუტების საბარათე ანგარიშზე/საკრედიტო ბარათის ანგარიშზე არარსებობის შემთხვევაში ან ამ ვალუტებში ოპერაციის სრული ოდენობის თანხის არარსებობის შემთხვევაში, ემიტენტი უფლებამოსილია განახორციელოს კონვერტაცია შესაბამის საბარათე ანგარიშზე/საკრედიტო ბარათის ანგარიშზე არსებული ვალუტიდან. ამ შემთხვევაში, კონვერტაცია უნდა განხორციელდეს მხოლოდ ოპერაციის თანხის სრულ ოდენობამდე შევსების მიზნით.
8.თუ საბარათე ოპერაციის განხორციელება დაკავშირებულია კონვერტაციასთან, ემიტენტმა უნდა უზრუნველყოს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელისათვის კონვერტაციის პირობების გამჭვირვალობა ოპერაციის ინიციირებიდან მის ანგარიშზე ასახვამდე. კონვერტაციის პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ემიტენტმა უნდა შეიმუშაოს და მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სქემა, რომელიც ასახავს სხვადასხვა ვალუტების ჭრილში ინიციირებული ოპერაციის თანხის შესაძლო კონვერტაციების ჯაჭვს შესაბამისი კურსების წყაროების მითითებით.
9.საბარათე ინსტრუმენტის გააქტიურების შემდეგ ემიტენტი: ა) ვალდებულია შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი სახსრები ხელმისაწვდომი გახადოს საბარათე ინსტრუმენტის მფლობელისთვის/ბარათის შემძენისათვის ინსტრუმენტისთვის განსაზღვრული პირობებით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის, გარდა დამატებითი ბარათის მფლობელისა, (არაიდენტიფიცირებულ/არავერიფიცირებულ ფიზიკურ პირზე გაცემული წინასწარი გადახდის ბარათის შემთხვევაში ამ ბარათის წარმომდგენის), მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს ბარათით წარმოებული ოპერაციების და ნაშთის შესახებ ინფორმაციის გადაცემა.
10.საბარათე ინსტრუმენტით შესრულებული ოპერაციების შესახებ ინსტრუმენტის მფლობელის ამონაწერი ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ჩანაწერები უნდა შეიცავდეს შემდეგ ძირითად ინფორმაციას: ა) საბარათე ინსტრუმენტის მფლობელის ანგარიშის ნომერს და/ან ბარათის არასრულ ნომერს; ბ) ვალუტას; გ) ამონაწერის პერიოდის დასაწყისში არსებულ ნაშთს; დ) შესრულებული ოპერაციის (სადებეტო/საკრედიტო) თანხას; ე) ოპერაციის შესრულების თარიღს, დროს და ადგილს (ბანკომატის შემთხვევაში – მისამართს); ვ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის დასახელებას და MCC; ზ) ამონაწერის პერიოდის ბოლოს არსებულ ნაშთს; თ) თუ ოპერაცია დაკავშირებული იყო კონვერტაციასთან/კონვერტაციებთან, კონვერტაციის კურსი/კურსები (საბარათე სქემის კურსი ან/და კომერციული ბანკის/მიკრობანკის კურსი). საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ივნისის ბრძანება №152/04 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.

