ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 4. ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებები ხელშეკრულების დისტანციურად დადებისას

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 24 აგვ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დასაშვებია ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის საფინანსო პროდუქტის პირობებზე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და ხელშეკრულების დადება, ასევე მოქმედ ხელშეკრულებაში ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვით ცვლილებების შეტანა. დისტანციურად დადებული ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ ამ წესის შესაბამისად მიწოდებული ინფორმაციის მომხმარებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღება. მტკიცების ტვირთი, რომ შეთავაზებულ პირობებზე მომხმარებლის მხრიდან თანხმობა იყო გამოთქმული, ეკისრება ფინანსურ ორგანიზაციას.

2.დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით პირობების შეთავაზებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე მატერიალურად ან მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემული სავალდებულო ინფორმაციის მითითებით, ხოლო სპეციფიკური საფინანსო პროდუქტების შემთხვევაში – ამ წესის შესაბამისად გათვალისწინებული სახით.

3.თუ ფინანსური მომსახურების ხელშეკრულება მოიცავს საწყის შეთანხმებას, რომელსაც მოჰყვება დამატებით დროში შესრულებული თანმიმდევრული ოპერაციები ან მსგავსი ბუნების ცალკეული ოპერაციების სერია, ამ მუხლის მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ საწყის შეთანხმებაზე. თუ არ არსებობს საწყისი შეთანხმება, მაგრამ თანმიმდევრული ოპერაციები ან მსგავსი ბუნების ცალკეული ოპერაციები სრულდება დამატებით დროში, ერთსა და იმავე სახელშეკრულებო მხარეებს შორის, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები გავრცელდება მხოლოდ პირველი ოპერაციის შესრულებაზე. თუ მსგავსი ბუნების ოპერაცია არ შესრულებულა ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე, შემდეგი ოპერაცია ჩაითვლება პირველად ახალი ოპერაციების სერიაში და შესაბამისად მასზე გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები. ეს პუნქტი არ ვრცელდება საკრედიტო ხელშეკრულებებზე.

4.საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო პირობებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის გარდა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მოცემული უნდა იყოს შემდეგი სავალდებულო ინფორმაცია: ა) საფინანსო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების აღწერა; ბ) საფინანსო პროდუქტის ფინანსური ხარჯები და მისი მთლიანი ღირებულება თანხობრივად, ხოლო კრედიტისა და დეპოზიტის შემთხვევაში, დამატებით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. თუ საფინანსო პროდუქტის ღირებულების ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციას წინასწარ არ შეუძლია, უნდა მიეთითოს ფინანსური ხარჯების და/ან მთლიანი ღირებულების დაანგარიშებისთვის (გათვლები) გამოყენებული დაშვებები/პრინციპები, რომლითაც მომხმარებელი შესძლებს ამ გათვლების შემოწმებას; გ) ინფორმაცია საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფინანსური რისკების შესახებ; დ) პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოქმედია შეთავაზებაში აღწერილი სახელშეკრულებო პირობები; ე) ანგარიშსწორებისა და მიწოდების პირობები; ვ) არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია იმ დამატებითი ხარჯების შესახებ, რომელთა გაწევაც მოუწევს მომხმარებელს კონკრეტულად დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენების გამო; ზ) ფინანსური ორგანიზაციის, ასევე, არსებობის შემთხვევაში საკრედიტო შუამავლის დასახელება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის/ლიცენზირების ფორმა, რეგიტრაციის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი; თ) თუ საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული ხელშეკრულებით მომხმარებელს ურთიერთობა უწევს ფინანსური ორგანიზაციის გარდა სხვა პირთანაც, ამ პირის დასახელება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომერი და მომხმარებელთან დაკავშირებული, ამ მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქმიანობის ფარგლები. ასევე, ის მისამართი, რომელიც რელევანტურია მომხმარებლისთვის ამ პირთან ურთიერთობისათვის; ი) ენა ან ენები, რომელზეც ხდება ამ მუხლის შესაბამისი სახელშეკრულებო პირობებისა და ინფორმაციის მომხმარებლისთვის მიწოდება და მომხმარებელთან კომუნიკაცია დისტანციურად დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში; ი 1 ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის ან არარსებობის შესახებ; ამ უფლების არსებობის შემთხვევაში ვადა, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს აღნიშნული უფლება, ასევე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ შესასრულებელი ვალდებულებები, მათ შორის, მომხმარებლის მიერ გადასახდელი/ფინანსური ორგანიზაციის მიერ დასაბრუნებელი თანხის/ქონების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დათვლის პრინციპი; დამატებით, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, როდესაც არ ხდება ამ წესით გათვალისწინებულ ვადაში მომხმარებლის მიერ თანხის/ქონების დაბრუნება, ფინანსური ორგანიზაციის მიერ გასატარებელი ღონისძიებები; ი 2 ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების პრაქტიკული ინსტრუქციები, მათ შორის, უარის შესახებ მომხმარებლის მხრიდან ფინანსური ორგანიზაციისთვის შეტყობინების გაგზავნის არხები და მისამართი. ხელშეკრულებაზე უარის თქმის პრაქტიკულ ინსტრუქციებს ფინანსური ორგანიზაცია განსაზღვრავს დამოუკიდებლად. კ) „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დეპოზიტების დაზღვევა, ასევე, არსებობის შემთხვევაში, საგარანტიო ფონდები ან სხვა კომპენსაციის პირობები; ლ) მუდმივად ან პერიოდულად შესასრულებელი ფინანსური მომსახურების შემთხვევაში დისტანციურად დადებული ხელშეკრულების მინიმალური ვადა; მ) ინფორმაცია მხარეების მიერ ხელშეკრულების ვადამდე ან ცალმხრივად შეწყვეტის უფლებაზე დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მათ შორის, ასეთ შემთხვევებში ხელშეკრულებით დაწესებული პირგასამტეხლოები; ნ) ინფორმაცია დავების გადაწყვეტის წესის შესახებ, ხოლო არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია სასამართლოს გარეშე გასაჩივრების წესისა და ანაზღაურების შესახებ; ო) ფინანსური ორგანიზაციის საზედამხედველო ორგანოს დასახელება და მისამართი; პ) ქვეყნის კანონმდებლობა, რომლის შესაბამისადაც წარიმართება მხარეთა შორის ურთიერთობა; ჟ) ტექსტი შემდეგი ფორმულირებით: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ გვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406“.

5.მომხმარებელთან დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობები უნდა შეესაბამებოდეს წინასახელშეკრულებო ურთიერთობისას შეთანხმებულ პირობებს/ინფორმაციას.

6.თუ ხელშეკრულების დასადებად, მომხმარებლის მოთხოვნით, გამოყენებულია ისეთი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალება, რომელიც არ იძლევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას, ფინანსური ორგანიზაციის მიერ ეს ვალდებულება უნდა შესრულდეს ხელშეკრულების დადების შემდეგ დაუყოვნებლივ.

7.შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომხმარებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ ძალაში შედის დისტანციურად დადებული ხელშეკრულება.

8.დისტანციურად დადებული ხელშეკრულება მატერიალური სახით მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, ხოლო პირობების შეცვლისას ყველა ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასოდ.

9.დისტანციურად გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს გამოყენებული დისტანციური საკომუნიკაციო საშუალების ცვლილება, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებას ან/და საფინანსო პროდუქტის ბუნებას.

10.თუ მომხმარებლისთვის საფინანსო პროდუქტის შესათავაზებლად დისტანციური კომუნიკაციის საშუალებად გამოყენებულია სატელეფონო ზარი, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს საუბრის დასაწყისში ცხადად და გასაგებად გააცნოს ფინანსური ორგანიზაციის დასახელება და სატელეფონო ზარის მიზანი. მომხმარებლის მხრიდან საუბრის გაგრძელებაზე მკაფიო თანხმობის მიღების შემდეგ ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა უნდა მიაწოდოს საკუთარი ვინაობა და თავისი კავშირი ფინანსურ ორგანიზაციასთან, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, ინფორმაცია ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ასევე, მომხმარებლის უფლება მოითხოვოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ე“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“-„ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება, ხოლო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდოს მას აღნიშნული ქვეპუნქტების შესაბამისი დეტალური ინფორმაციაც.

10¹.მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე დისტანციური ხელშეკრულების დადების, ან თუ ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულების მომხმარებლისთვის მიწოდება ხდება ხელშეკრულების დადების შემდეგ, ამ ხელშეკრულების მიღების დღიდან, 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

10².ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება არ ვრცელდება: ა) საფინანსო პროდუქტზე, რომლის ფასი დამოკიდებულია ფინანსურ ბაზარზე განხორციელებულ ცვლილებებზე, რაც ფინანსური ორგანიზაციების კონტროლს არ ექვემდებარება და რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების ვადის განმავლობაში. ასეთი საფინანსო პროდუქტები მოიცავს ან/და დაკავშირებულია: ა.ა) ვალუტის გაცვლასთან; ა.ბ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან; ა.გ) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებთან; ა.დ) საინვესტიციო ფონდის მიერ ემიტირებულ უფლებებთან; ა.ე) ფიუჩერსებთან, მათ შორის, ისეთ ეკვივალენტურ ინსტრუმენტებთან, რომელთა ანგარიშსწორება ხდება ნაღდი სახით; ა.ვ) საპროცენტო განაკვეთის ფორვარდთან (FRAs); ა.ზ) საპროცენტო განაკვეთის, ვალუტის და კაპიტალის სვოპებთან; ა.თ) ამ ქვეპუნქტში მოცემული ნებისმიერი ინსტრუმენტის შეძენის ან გასხვისების ოფციებთან, მათ შორის, ისეთ ეკვივალენტურ ინსტრუმენტებთან, რომელთა ანგარიშსწორება ხდება ნაღდი სახით. ასევე, ვალუტის და საპროცენტო განაკვეთის ოფციებთან; ა.ი) დოკუმენტალურ ოპერაციებთან (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა); ა.კ) ესქრო ანგარიშთან; ა.ლ) ფაქტორინგულ ოპერაციებთან. ბ) ხელშეკრულებებზე, რომლებიც მომხმარებლის აშკარა და ცალსახა მოთხოვნის საფუძველზე სრულად შესრულდა ორივე მხარის მიერ, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენებამდე; გ) სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე.

10³.თუ მომხმარებელი იყენებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, მან ფინანსურ ორგანიზაციას, ამ წესის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების ვადის ამოწურვამდე, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი 2 “ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, უნდა გაუგზავნოს შეტყობინება. მომხმარებლის მიერ ვადა დაცულად ჩაითვლება, თუ შეტყობინება ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი 2 “ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 10 1 პუნქტის მოთხოვნების დაცვით გაეგზავნება ფინანსურ ორგანიზაციას.

10⁴.დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ასევე უქმდება მასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ფინანსურ ორგანიზაციასთან ან მესამე მხარესთან, ფინანსურ ორგანიზაციასა და მესამე მხარეს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ როგორც მომხმარებელს, ასევე, მესამე მხარეს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დაკავშირებული დისტანციური ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.

10⁵.მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენების შემთხვევაში, მას შეიძლება დაეკისროს ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება ხელშეკრულების შესაბამისად, ფინანსური ორგანიზაციის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებისა და პერიოდის პროპორციულად. ამასთან, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს მომხმარებელს დააკისროს ფინანსური ორგანიზაციის მიერ მესამე პირისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება.

10⁶.ფინანსურ ორგანიზაციას უფლება არ აქვს, მომხმარებელს მოსთხოვოს ამ მუხლის 10 5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდა, თუ ის არ დაადასტურებს, რომ მომხმარებელი სათანადოდ იყო ინფორმირებული აღნიშნულთან დაკავშირებით, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი 1 “ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამ მუხლის 10 5 პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადახდის მოთხოვნა დაუშვებელია, თუ ფინანსურმა ორგანიზაციამ დაიწყო ხელშეკრულების შესრულება ხელშეკრულებაზე უარის თქმის ვადის ამოწურვამდე, მომხმარებლის წინასწარი თანხმობის/მოთხოვნის გარეშე.

10⁷.ფინანსურმა ორგანიზაციამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღების დღეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიღების დღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, მომხმარებელს უნდა დაუბრუნოს დისტანციური ხელშეკრულების ფარგლებში მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა სრულად, ამ მუხლის 10 5 პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის/ასანაზღაურებელი ხარჯის გამოკლებით.

10⁸.მომხმარებელმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის დღეს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს აღნიშნული შეტყობინების გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, ფინანსურ ორგანიზაციას უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა ან/და ქონება სრულად ამ მუხლის 10 5 პუნქტის შესაბამისად.

10⁹.მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება ამ მუხლის 10 7 და 10 8 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად შესრულების შემდეგ.

10¹⁰.ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ი 1 “ და „ი 2 “ ქვეპუნქტები, ასევე, 10 1 -10 9 პუნქტები არ ვრცელდება დისტანციურად დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე. მომხმარებლის მიერ დისტანციურად დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენება ხორციელდება ამ წესის 10 1 მუხლის შესაბამისად.

11.მხოლოდ მომხმარებლის წინასწარი თანხმობით შეიძლება ფინანსური ორგანიზაციის მიერ დისტანციური კომუნიკაციის შემდეგი საშუალებების გამოყენება: ა) ავტომოპასუხით განხორციელებული სატელეფონო ზარები; ბ) ფაქსი.

12.ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დისტანციური კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება მომხმარებლისთვის არ უნდა იყოს ხარჯებთან დაკავშირებული. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 მაისის ბრძანება №131/04 - ვებგვერდი, 31.05.2024წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
22¹811371612109198194
მნიშვნელობით ახლოსფინანსური ორგანიზაციებ…მომხმარებლის უფლებების…ფაქტორინგის შესახებსაჯარო შესყიდვების შეს…ელექტრონული კომერციის …ელექტროენერგიის საცალო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა