1.წყალმომარაგების ლიცენზიატი უფლებამოსილია კომისიასთან შეთანხმებით დანერგოს მრავალფუნქციური ელექტრონული აღრიცხვის ტექნოლოგიები.
2.მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის (ე.წ. „ჭკვიანი“ მრიცხველის) კატეგორიას განეკუთვნება ის მრიცხველები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი დაამყარონ ორმხრივი ელექტრონული კომუნიკაცია ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად და ხელი შეუწყონ მომხმარებლის წყლის მოხმარების ოპტიმიზაციას.
3.მომხმარებელი უფლებამოსილია 2024 წლის 1 ივლისიდან ქალაქ თბილისში, რუსთავსა და ბათუმში, 2027 წლის 1 ივლისიდან ყველა თვითმმართველ ქალაქში, ხოლო 2028 წლის 1 ივლისიდან – ყველა სხვა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების ლიცენზიატს მოსთხოვოს მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობა.
4.მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მოთხოვნით წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით) მიმართოს შესაბამის წყალმომარაგების ლიცენზიატს.
5.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მსურველი (განმცხადებელი) ვალდებულია განაცხადის წარდგენამდე წინასწარ გადაიხადოს დანართი №4-ით განსაზღვრული „მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის, აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და შეჭრის საფასური“, ხოლო არსებული მრიცხველის ნაცვლად მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის მოთხოვნის შემთხვევაში, დანართი №5-ით განსაზღვრული „მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობის საფასური“.
6.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია უზრუნველყოს არსებული მრიცხველის ნაცვლად მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველის მოწყობა დანართი №5-ით განსაზღვრულ ვადაში, შეთავაზებული პაკეტების შესაბამისად.
7.წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია განათავსოს საკუთარ ვებგვერდზე იმ მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების ჩამონათვალი, ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც შეტანილია საქართველოში დაკანონებულ გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრში და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის დასამონტაჟებლად.
8.მრავალფუნქციურ ელექტრონულ მრიცხველს უნდა გააჩნდეს შემდეგი მინიმალური შესაძლებლობები: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულად გადაცემა; ბ) კომუნიკაციის ინტერფეისი, მათ შორის, დისტანციურად; გ) წაკითხვის უნარი არანაკლებ 24 საათში ერთხელ; დ) მრიცხველსა და პროგრამულ უზრუნველყოფას შორის ორმხრივი კომუნიკაცია კონტროლისთვის (მათ შორის, პროგრამის განახლების/შეკეთებისა და თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია); ე) (ამოღებულია - 25.06.2025, №11); ვ) (ამოღებულია - 25.06.2025, №11); ზ) მონაცემების უსაფრთხო კომუნიკაციის დაცვის უნარი; თ) არასანქცირებული ჩარევის დადგენის ფუნქცია.
9.მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველები დისტანციურად უნდა გადასცემდეს აღრიცხვის (გაზომვის) მონაცემებს წყალმომარაგების ლიცენზიატს, რომლის უზრუნველყოფაზეც წყალმომარაგების ლიცენზიატი თავადაა პასუხისმგებელი. ამასთან, წაკითხული მონაცემების გადაცემა უნდა განხორციელდეს მინიმუმ 7 დღეში ერთხელ.
10.მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის ჭკვიანი მრიცხველით აღრიცხვის შემთხვევაში, შესაბამის მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ლიცენზიატის მიერ შექმნილი პლატფორმის მეშვეობით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე მიიღოს ინფორმაცია: ა) ფაქტობრივი მოხმარების შესახებ; ბ) მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის შესახებ; გ) წყალარინების მომსახურების საფასურის შესახებ; დ) ფაქტობრივი წყვეტების შესახებ (სტატუსის მითითებით); ე) აღრიცხვის მოშლის შესახებ (პერიოდის მითითებით); ვ) სხვა ინფორმაცია, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით და მოთხოვნილია მომხმარებლის მიერ.
11.ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად მომხმარებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს სასმელი წყლის მოხმარების ფაქტობრივ მონაცემებს, იყოს მარტივად აღქმადი (მათ შორის ვიზუალური დიაგრამების გამოყენებით) და იძლეოდეს სტატისტიკური ანალიზის შესაძლებლობას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილება №44 - ვებგვერდი, 20.11.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 25 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 27.06.2025 წ.

