1.გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5 1 ნაწილით დადგენილი წესით.
1¹.დაზარალებულს უფლება აქვს, გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობა, იმავე კოდექსის 11 1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაული ან დანაშაული, რომელიც, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს პროკურატურის ქვემდებარეა. ამ შემთხვევაში, თუ ზემდგომი პროკურორი საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს განჩინება გამოაქვს 15 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება ბრალდებულს, მის ადვოკატს და დაზარალებულს.
3.თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.
4.პირს, რომლის მიმართაც არ დაწყებულა ან შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლით, და მის ადვოკატს შესაბამისი გადაწყვეტილება უნდა ეცნობოთ 1 კვირის ვადაში. მათ უფლება აქვთ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივრონ გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს განჩინება გამოაქვს 5 დღის ვადაში, ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება. საქართველოს 2014 წლის 24 ივლისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 26 ივლისის კანონი №2539 - ვებგვერდი, 06.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი № 3276 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4604 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5026 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1314 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1355,1389 – ვებგვერდი, 31.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №697 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1263 – ვებგვერდი, 25.12.2025წ.

