1.ამ კანონის 36 4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატთა ობიექტურად და სრულფასოვნად შეფასების მიზნით, მათი რეგისტრაციის დასრულებისთანავე, ამ კანონით დადგენილი წესით იწყებს კანდიდატების შესახებ სანდო ინფორმაციის მოძიებას.
2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას საფუძვლიანად სწავლობს მათ პროფესიულ რეპუტაციასა და საქმიანობას, ამოწმებს კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სიზუსტეს, აგრეთვე ინფორმაციას მათ მიმართ წარსულში არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის/დისციპლინური დევნის ან/და ადმინისტრაციული წარმოების თაობაზე.
3.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლის შესაბამისად მოძიებული ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ კანდიდატების შესაფასებლად გამოიყენება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია კენჭისყრისას გაითვალისწინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შესახებ მოძიებული ინფორმაცია.
4.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს უგზავნის წარდგინებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ასარჩევად წარდგენის შესახებ. წარდგინებასთან ერთად საქართველოს პარლამენტს ეგზავნება ამ კანონის 34 1 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება და თანდართული დოკუმენტები, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აღნიშნული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები. ამ ინფორმაციის მოძიების შედეგად მიღებული მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, კონფიდენციალურია და მათი რაიმე ფორმით გამჟღავნება დაუშვებელია. აღნიშნული წარდგინება უნდა შეიცავდეს კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და კანდიდატის შესახებ საერთო ინფორმაციას.
5.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის ამ მუხლის შესაბამისად მოძიებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია დაუკავშირდეს კანდიდატების რეკომენდატორებს, ყოფილ დამსაქმებლებსა და კოლეგებს, შესაბამისი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს, აგრეთვე იმ უწყებებს, სადაც შესაძლებელია ინახებოდეს ინფორმაცია კანდიდატების ნასამართლობის, ადმინისტრაციულ და დისციპლინურ დავებში მონაწილეობისა და მათ მიერ დარღვევის ჩადენის შესახებ. ინფორმაციის მისაღებად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია შესაბამის პირს წარუდგინოს კანდიდატის წერილობითი თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების მოძიებაზე/გადამოწმებაზე.
6.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული რეკომენდაციის სტანდარტულ ფორმასა და სპეციალურ კითხვარს იყენებს. გამონაკლისის სახით შეიძლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილმა სტრუქტურულმა ერთეულმა ინფორმაციის მიმწოდებელს დამატებითი შეკითხვებით მიმართოს ან/და ინფორმაციის მისაღებად მის მიმწოდებელთან ზეპირი კომუნიკაცია განახორციელოს, რაც წერილობით უნდა გაფორმდეს და ინფორმაციის მიმწოდებელმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
7.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ან/და კომუნიკაცია ერთიან, შემაჯამებელ ოქმში უნდა აისახოს.
8.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მოძიებული ინფორმაცია შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინება.
9.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიების შედეგების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის წარდგენისთანავე საბჭო ვალდებულია აცნობოს კანდიდატებს ინფორმაციის მოძიების დასრულების შესახებ და უზრუნველყოს საბჭოში არსებული ინფორმაციის თითოეული კანდიდატისათვის ხელმისაწვდომობა. მას შემდეგ, რაც ინფორმაციის მოძიების შედეგები კანდიდატისათვის ხელმისაწვდომი გახდება, კანდიდატს უფლება აქვს, 2 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები. კანდიდატს ასევე უფლება აქვს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროს გაეცნოს აღნიშნულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციის წყარო კონფიდენციალურია. კანდიდატი აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილას ეცნობა.
10.უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შესახებ მოძიებული ინფორმაცია დალუქული ინახება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საამისოდ გამოყოფილ, დაცულ ადგილას არანაკლებ 1 წლის განმავლობაში. საქართველოს 2019 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №4526 - ვებგვერდი, 02.05.2019წ. საქართველოს 2020 წლის 30 სექტემბრის ორგანული კანონი №7205 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
