1.ცენტრი არის ამ კანონით შექმნილი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2.ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2¹.ცენტრის დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2².საკოორდინაციო საბჭოს წევრები ცენტრის დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად მონაწილეობენ ცენტრის დირექტორის კანდიდატურის შერჩევასა და მის თანამდებობიდან გათავისუფლებაში.
2³.ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; გ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) გარდაცვალება; ე) სასამართლოს მიერ ისეთი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებას; ვ) ცენტრის დირექტორის უფლებამოსილებით განსაზღვრული ვალდებულების უხეში დარღვევა ან/და ცენტრის საქმიანობისთვის არსებითი ზიანის მიყენება.
2⁴.ცენტრის დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს დასაქმებული ან ეკავოს თანამდებობა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
3.ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები, ცენტრის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია განისაზღვრება ცენტრის დებულებით.
4.ცენტრის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტრო.
5.ცენტრის საქმიანობაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 და 10 2 მუხლების მოქმედება. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3028 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №350 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3836 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4366 - ვებგვერდი, 03.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №403 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.

