1.სასამართლოს აპარატის მოხელედ, რომლის ფუნქციები პირდაპირ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, იცის სამართალწარმოების ენა, აქვს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო მოხელის სერტიფიკატი, გავლილი აქვს ერთ წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საერთო სასამართლოში და სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
2.ანაზღაურებადი სტაჟირებისას პირი ინიშნება სასამართლოს აპარატის შესაბამის თანამდებობაზე. ანაზღაურებად სტაჟიორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მოხელისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებს.
3.სასამართლოს აპარატის მოხელედ დანიშვნისას პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სტაჟირების ან/და სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ ის აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას: ა) აქვს მოსამართლედ, პროკურორად , გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; ბ) ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; დ ) აქვს სასამართლოში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
4.პირი თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გ ათვალისწინებული სპეციალური სასწავლო კურსის გავლისგან, თუ გავლილი აქვს მოსამართლის თანაშემწის სპეციალური სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
5.პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლისგან გათავისუფლებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, საკუთარი სურვილით შეიძლება გაიაროს სტაჟირება საერთო სასამართლოში.
6.სასამართლოს აპარატის იმ მოხელის, რომლის ფუნქციები პირდაპირ არ არის დაკავშირებული სასამართლოში სამართალწარმოების განხორციელებასთან, აგრეთვე სხვა მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5529 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის ორგანული კანონი №6092 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის ორგანული კანონი №1050 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
