1.ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრძანებით ქმნის ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები არიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, პირველი ვიცეპრეზიდენტი, ვიცეპრეზიდენტები და ეროვნული ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრები შეიძლება იყვნენ ეროვნული ბანკის სხვა თანამშრომლები და მოწვეული პირები. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრი ასევე შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით მოწვეული დარგის ექსპერტი.
2.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ფუნქციაა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.
3.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს ქვეყნის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა; ბ) განსაზღვროს ღია ბაზრის და სხვა ფულად-საკრედიტო და სავალუტო ოპერაციების, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისიისა და მიმოქცევის, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესები; გ) დაადგინოს საპროცენტო განაკვეთები ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად-საკრედიტო ოპერაციებზე, გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა; დ) (ამოღებულია - 03.09.2015, №4188) ; დ 1 ) განსაზღვროს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმები; ე) შეასრულოს მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციები.
4.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნებას და არ უნდა იყოს გადამწყვეტი ისეთი მოკლევადიანი მიზნების მიღწევა, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობაზე.
5.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეკომენდაციას აწვდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის პირველ ვიცეპრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს აყენებს კენჭისყრაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეროვნული ბანკის პირველი ვიცეპრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტები. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების მქონე, დამსწრე პირთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხმა. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №6492 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3114 – ვებგვერდი, 20.06.2023წ. საქართველოს 2026 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №1889 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

