1.საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
1¹.საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტის გამოვლენის მიზნით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისათვის საჭირო მოქმედებების დაწყებამდე ან გაჩერების მომენტიდან, გაჩერების შემდგომი პროცედურების შედეგების შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების გაშვების ან/და საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენამდე, ელექტრონული პროგრამის მეშვეობით დასაშვებია შეჩერდეს სასაქონლო ზედნადების/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის შესაძლებლობა ამავე სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის მითითებით.
2.დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
2¹.გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისა, ამავე პუნქტით გათვალისწინებული ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებას, საქონლის ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტების შემოწმებას, ასევე მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი.
3.დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში: ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს; ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში; გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოსათვის გადაგზავნილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს: ა) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის დასახელებას/სახელს და გვარს; ბ) საქონლის მფლობელი ან/და მესაკუთრე პირის საიდენტიფიკაციო/პირად ნომერს; გ) გამოვლენილი საგადასახადო სამართალდარღვევის შინაარსს; დ) საქონლის მნიშვნელოვან მახასიათებლებს; ე) სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის, მისი მფლობელის ან/და მძღოლის პირად მონაცემებს (პირადობის მოწმობის ნომერს, პირად ნომერს, მართვის მოწმობის ნომერს და სხვ.); ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების განთავსების ადგილს; ზ) დალუქვისას გამოყენებული ლუქების საიდენტიფიკაციო მონაცემებს და შესაბამის ოქმს; თ) იმ პასუხისმგებელი პირის მონაცემებს, ვისაც ჩაბარდა ტვირთი და სატრანსპორტო საშუალება შესანახად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 1 მარტის №117 ბრძანება - ვებგვერდი, 02.03.2011 წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №464 - ვებგვერდი, 06.09.2011წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №272 - ვებგვერდი, 21.08.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს ბრძანება N269 - ვებგვერდი, 14.08.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №269 - ვებგვერდი, 09.11.2020წ.

