1.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომას, როგორც წესი, წარმართავს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს პლენარულ სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია სამართლიანად და მიუკერძოებლად წარმართოს პლენარული სხდომა.
2.პლენარული სხდომის თავმჯდომარე: ა) აუწყებს უმაღლეს საბჭოს სხდომის გახსნასა და დამთავრებას; ბ) უძღვება საკითხების განხილვას; გ) უზრუნველყოფს რეგლამენტის დაცვას; დ) სიტყვას აძლევს გამომსვლელს რეგლამენტით დადგენილი წესით; ე) კენჭისყრაზე აყენებს საკითხს და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს; ვ) ხელს აწერს სხდომაზე მიღებულ საოქმო გადაწყვეტილებებს; ზ) რეგლამენტის 124-ე მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სიტყვას ართმევს გამომსვლელს, გაფრთხილებას აძლევს, სხდომათა დარბაზს ატოვებინებს უმაღლესი საბჭოს წევრს ან მოწვეულ პირს; თ) რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წყვეტს სხდომას, ცალკეულ შემთხვევებში აცხადებს შესვენებას; ი) კანონპროექტის/სხვა საკითხის განხილვისას საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრაზე აყენებს განხილვის შეწყვეტისა და მხარეთა მონაწილეობით საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის საკითხს; კ) ახორციელებს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს რეგლამენტით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საკითხთა განხილვაში. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილების გადაცემის შემდეგ თავისი მოვალეობის შესრულებას უბრუნდება გამოსვლის დამთავრებისთანავე.
4.პლენარული სხდომის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს კომენტარი გაუკეთოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლას ან სიტყვა შეაწყვეტინოს მას ამ მიზნით, შეაფასოს უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა, უპასუხოს შეკითხვას, თუ შეკითხვა უშუალოდ მას არ დაუსვეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უმაღლესი საბჭოს წევრი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებს.
