1.თუ კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად შეტანილ საჩივარზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ან თუ აღნიშნულ პუნქტში მითითებულ ვადაში არ იქნა შეტანილი ასეთი საჩივარი, ან თუ სრულდება ამ ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირობები, განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შესახებ.
2.განმცხადებელმა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფასური უნდა გადაიხადოს აღნიშნული წერილობითი შეტყობინების ოფიციალური გაცნობის დღიდან 3 თვის ვადაში.
3.თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ვადაში არ გადაიხდის მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის საფასურს, განაცხადი უქმდება და განმცხადებელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება.
4.თუ განმცხადებელი მოწმობის გაცემისა და 10 წლით რეგისტრაციის დადგენილ საფასურს გადაიხდის ამ ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, საქპატენტი რეესტრში არეგისტრირებს სასაქონლო ნიშანს და აღნიშნული საფასურის გადახდის დღიდან ერთი თვის ვადაში გასცემს მოწმობას.
4¹.მოწმობის ფორმა მტკიცდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
4².მოწმობა აისახება ელექტრონულ სისტემაში. განაცხადზე მატერიალური ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მფლობელს გადაეცემა მატერიალური ფორმით, ხოლო ელექტრონული ფორმით საქმისწარმოების შემთხვევაში, მოწმობა მატერიალური ფორმით გაიცემა მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნიდან 5 დღის ვადაში.
5.კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად რეესტრში შეიტანება ასევე შემდეგი სახის მონაცემები: ა) რეგისტრაციის ნომერი; ბ) რეგისტრაციის თარიღი; გ) რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის თარიღი; დ) საქმის ნომერი; ე) განაცხადის შეტანის თარიღი; ვ) პირველი განაცხადის ნომერი; ზ) პირველი განაცხადის შეტანის თარიღი; თ) პირველი განაცხადის მიმღები ქვეყნის/უწყების კოდი; ი) სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელი და გვარი/სახელწოდება და იურიდიული მისამართი; კ) სასაქონლო ნიშნის გამოსახულება; ლ) მითითებული ფერი ან ფერთა კომბინაცია; მ) საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებული იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიმართაც რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშანი; ნ) წარმომადგენლის/პატენტრწმუნებულის სახელი და გვარი/სახელწოდება და იურიდიული მისამართი; ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილების ნუსხა. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის 2021 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 14.09.2021 წ.

