1.ექვაირერი და სუბ-ექვაირერი უფლებამოსილია მომსახურება გაუწიოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტს, რომლის მიმართაც გაატარა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ღონისძიებები და მიიღო სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ.
2.ექვაირერი უფლებამოსილია მოემსახუროს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებს სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის (სუბ-ექვაირერის) საშუალებით, თუ ეს პირი ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი, მიკრობანკი ან რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია. ამასთან, ექვაირერი ვალდებულია: ა) ექვაირინგის მომსახურების შესაბამისი თანხა ჩაურიცხოს მასთან ან სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილ სუბ-ექვაირერის ანგარიშზე, საიდანაც სუბ-ექვაირერი განახორციელებს თანხის გადარიცხვას უშუალოდ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე. თუ ანგარიში გახსნილია სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში, მაშინ ექვაირერი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ინფორმირებულია სუბ-ექვაირერის მიერ ამ ანგარიშის გამოყენების მიზნობრიობაზე; ბ) დარწმუნდეს სუბ-ექვაირერის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ პოლიტიკის ადეკვატურობაში; გ) რისკზე დამყარებული მიდგომიდან გამომდინარე, ფულის გათეთრების/ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის მქონე სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიმართ გაატაროს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები და მიიღოს სარწმუნო ინფორმაცია სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ.
3.სავაჭრო/მომსახურების ობიექტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე ან განახლებისას ექვაირერი/სუბ-ექვაირერი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ეს პირი ეწევა კანონიერ საქმიანობას და გააჩნია საკმარისი საშუალებები საბარათე ინსტრუმენტისა და საბარათე ოპერაციის მონაცემების დასაცავად.
4.ექვაირერი ვალდებულია უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის მისი საქმიანობის შესაბამისი MCC-ის მინიჭება.
5.თუ ექვაირერი ემსახურება სავაჭრო პლატფორმას, მაშინ იგი ვალდებულია: ა) თითოეული სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიმართ გაატაროს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები და მიიღოს სარწმუნო ინფორმაცია თითოეული სავაჭრო/მომსახურების ობიექტის საქმიანობის შესახებ; ბ) მოახდინოს სადავო ოპერაციების მართვა თითოეული სავაჭრო/მომსახურების ობიექტის სახელით; გ) თავად განახორციელოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშზე თანხების გადარიცხვა სავაჭრო პლატფორმის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გარეშე ან ჩაურიცხოს სავაჭრო პლატფორმას ექვაირინგის მომსახურების შესაბამისი თანხა მასთან ან სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში გახსნილ ანგარიშზე, საიდანაც სავაჭრო პლატფორმა განახორციელებს თანხის გადარიცხვას უშუალოდ სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ანგარიშებზე; თუ სავაჭრო პლატფორმის ანგარიში გახსნილია სხვა კომერციულ ბანკში/მიკრობანკში, მაშინ ექვაირერი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული კომერციული ბანკი/მიკრობანკი ინფორმირებულია სავაჭრო პლატფორმის მიერ ამ ანგარიშის გამოყენების მიზნობრიობაზე და ასევე, უზრუნველყოს სავაჭრო პლატფორმის შესაბამისი ანგარიშის ამონაწერების პერიოდულად მოთხოვნა და ამ ანგარიშიდან სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან განხორციელებული გადახდის ოპერაციების შესაბამისობის გადამოწმება მისი სისტემის ჩანაწერებთან; დ) უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ამ დებულების მე-12 მუხლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება უშუალოდ ან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით.
6.ექვაირერი უფლებამოსილია ექვაირინგის მომსახურება გაუწიოს უცხოური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სავაჭრო/მომსახურების ობიექტს ან მის ფილიალს/წარმომადგენლობას, უცხოური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სავაჭრო პლატფორმას ან ისეთ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც ემსახურება უცხოური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სავაჭრო/მომსახურების ობიექტს ან მის ფილიალს/წარმომადგენლობას, თუ მას აქვს ადეკვატური მექანიზმები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესასრულებლად; აღნიშნული მექანიზმების აღწერა წარდგენილი უნდა იქნეს ეროვნულ ბანკში მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
7.სუბ-ექვაირერი, რომელიც გეგმავს უცხოური კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სავაჭრო/მომსახურების ობიექტების სუბ-ექვაირინგის მომსახურების დანერგვას, ვალდებულია ეროვნულ ბანკში მომსახურების დაწყებამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე წარადგინოს დოკუმენტაცია, რითაც იგი ადასტურებს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის და მის საფუძველზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესასრულებლად მის ხელთ არსებული ადეკვატური მექანიზმების არსებობას.
8.ექვაირერი და სუბ-ექვაირერი უნდა დარწმუნდეს, რომ სავაჭრო/მომსახურების ობიექტი საქონლის/მომსახურების შეთავაზებას/გაყიდვას ახორციელებს საკუთარი ვებგვერდის ან მათ მომსახურებაში მყოფი სავაჭრო პლატფორმის ვებგვერდის საშუალებით, ასევე ექვაირერი ან/და სუბ-ექვაირერი უნდა დარწმუნდეს და მონიტორინგი განახორციელოს, რომ სავაჭრო/მომსახურების ობიექტი რეალურად ახორციელებს იმ საქონლის/მომსახურების რეალიზაციას, რომელიც მითითებული აქვს ექვაირერთან, სუბ-ექვაირერთან ან/და სავაჭრო პლატფორმასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში. ამასთან, ექვაირერი და სუბ-ექვაირერი სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ტრანზაქციების მონიტორინგის საფუძველზე უნდა დარწმუნდეს, რომ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ანგარიშზე ექვაირინგის ხელშეკრულების შესაბამისად ჩარიცხული თანხების რეალური ბენეფიციარი/მიმღები არის ექვაირერთან/სუბ-ექვაირერთან/სავაჭრო პლატფორმასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სავაჭრო/მომსახურების ობიექტი.
9.ექვაირერი უფლებამოსილია ექვაირინგის მომსახურება გაუწიოს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილ სავაჭრო/მომსახურების ობიექტს მისთვის ანგარიშის გაუხსნელად. აღნიშნულ შემთხვევაში, ექვაირერმა უნდა უზრუნველყოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის მისი კუთვნილი თანხის ჩარიცხვა საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში ან მიკრობანკში გახსნილ ამ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიმდინარე ანგარიშზე ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ამ სავაჭრო/მომსახურების ობიექტის სახაზინო კოდზე. აღნიშნული თანხის გადარიცხვა უნდა განხორციელდეს ექვაირერის მიერ შესაბამისი ანგარიშსწორების თანხის მიღებიდან (ჩარიცხვიდან) არაუგვიანეს მეორე საბანკო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სავაჭრო/მომსახურების ობიექტის ოპერაცია საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ექვაირერს უნდა გააჩნდეს კონკრეტული ოპერაციის საეჭვოდ მიჩნევის დასაბუთებული საფუძველი. ამ პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შემთხვევაში, ექვაირერი ვალდებულია წარადგინოს შესაბამისი მომსახურების აღწერა ეროვნულ ბანკში მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
10.ექვაირერს/სუბ-ექვაირერს უნდა გააჩნდეს მის მომსახურებაში მყოფი სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში (მათ შორის, ელექტრონული კომერციის ობიექტებში) შესრულებული ოპერაციების ეფექტური მონიტორინგის სისტემები თაღლითური ოპერაციების/მოწყობილობების/პროგრამული უზრუნველყოფის აღმოჩენის მიზნით. ექვაირერი მუდმივად უნდა ახორციელებდეს მონიტორინგის სისტემის განახლებას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მიმდინარე პერიოდამდე საერთაშორისო და/ან ადგილობრივ პრაქტიკაში დაფიქსირებული თაღლითური სქემების ამოცნობა და პრევენცია. ექვაირერმა პერიოდულად უნდა უზრუნველყოს მონიტორინგის პროგრამებთან მომუშავე პერსონალის ტრეინინგი.
11.ექვაირერს უნდა გააჩნდეს საქმიანობის განხორციელების ნებართვები შესაბამისი საბარათე სქემებიდან.
12.ექვაირერი, რომელიც ინახავს თავის ინფრასტრუქტურაში ან გადასცემს მისი საშუალებით სხვა პროვაიდერის მიერ გამოშვებული ბარათების მონაცემებს, ვალდებულია 2 (ორ) წელიწადში ერთხელ განახორციელოს ამ ინფრასტრუქტურის/საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი აუდიტი. ინფრასტრუქტურის/საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების აუდიტი უნდა განხორციელდეს საგადახდო ბარათების ინდუსტრიის მონაცემთა უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე ფართოდ აღიარებული აუდიტორული კომპანიის მიერ.
13.ექვაირერს ეკისრება პასუხისმგებლობა ემიტენტის მიმართ, თუ: ა) მის მომსახურებაში მყოფი სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ უსაფრთხოების პროცედურების დაუცველობის შედეგად ბარათთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა მესამე პირისთვის; ბ) მის მომსახურებაში მყოფი ბანკომატის ან პოს-ტერმინალის გაუმართაობის ან სხვა პროგრამულ-ტექნიკური ხარვეზის გამო ბარათის მფლობელმა ბარათით ოპერაციის განხორციელების შედეგად განიცადა დანაკლისი; გ) ელექტრონული კომერციის ტერმინალის მონიტორინგის სისტემების არარსებობის ან/და ადეკვატური მონიტორინგის სისტემების უქონლობის გამო, ექვაირერის მიერ ვერ განხორციელდა სავაჭრო/მომსახურების ობიექტისთვის უჩვეულო ტრანზაქციების ამოცნობა და პრევენცია.
14.ექვაირერი ვალდებულია სავაჭრო/მომსახურების ობიექტი უზრუნველყოს საბარათე ინსტრუმენტით გადახდების მისაღებად საჭირო ყველა ინფორმაციითა და საშუალებით, მოამზადოს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის შესაბამისი პერსონალი, პერიოდულად ჩაუტაროს მათ ტრენინგები და გადაამზადოს ახალი პერსონალი.
15.ექვაირერი ვალდებულია, განიხილოს ემიტენტის მიერ მიწოდებული საჩივარი განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის შესახებ. ქართული საბარათე ინსტრუმენტით საქართველოში განხორციელებული ოპერაციების შესახებ საჩივრის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს. ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ემიტენტთან შეთანხმებით განსაკუთრებული და ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, არაუმეტეს 25 სამუშაო დღით.
16.სადავო ტრანზაქციის დროს, ექვაირერი ვალდებულია გამოიკვლიოს მის მომსახურებაში მყოფი სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ან ბანკომატში მომხდარი ინციდენტის ან/და არაავტორიზებული ოპერაციების მიზეზი. მას აკისრია მტკიცების ტვირთი ემიტენტის წინაშე იმის თაობაზე, რომ ეს ინციდენტი/არაავტორიზებული ოპერაციები არ იყო გამოწვეული მის მომსახურებაში არსებული მოწყობილობის ან სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიზეზით.
17.ელექტრონული კომერციის ობიექტის ექვაირერმა უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომერციის ობიექტის ვებგვერდიდან გადახდების წარმოება მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის ან ერთჯერადი კოდის გამოყენების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის“ შესაბამისად.
18.დაუშვებელია ელექტრონული კომერციის ობიექტში საქონლის/მომსახურების შეძენის დროს ტრანზაქციის განხორციელება ოფლაინ რეჟიმში.
19.ექვაირერი უფლებამოსილია თავის მომსახურებაში არსებული ბანკომატით მომხმარებელს შესთავაზოს ისეთი ოპერაციების წარმოება, როგორიცაა ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მიღება, გადახდების ინიციირება და სხვა. ექვაირერი ასევე უფლებამოსილია მომხმარებელს შესთავაზოს ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისი (P2P ოპერაციები).
20.თუ ექვაირერი გეგმავს სავაჭრო/მომსახურების ობიექტში პოს-ტერმინალით განახორციელოს საქონლის/მომსახურების საფასურის გადახდასთან ერთად საბარათე ინსტრუმენტიდან თანხის განაღდებაც, მაშინ ის ვალდებულია ეროვნულ ბანკში წარადგინოს მომსახურების აღწერა მომსახურების დაწყებამდე არაუგვიანეს 30 კალენდარული დღით ადრე. დაუშვებელია სავაჭრო/მომსახურების ობიექტში განთავსებული პოს-ტერმინალით მხოლოდ ნაღდი ფულის გატანის ოპერაციის განხორციელება. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 27 ივნისის ბრძანება №152/04 - ვებგვერდი, 28.06.2023 წ.

