1.გაკოტრების მმართველი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდილების მქონე, ვალაუვალი მოვალისა და კრედიტორისაგან დამოუკიდებელი პირი. დაუშვებელია გაკოტრების მმართველად იმ პირის არჩევა (დანიშვნა), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. გაკოტრების მმართველს კრედიტორთა პირველ კრებამდე ნიშნავს გაკოტრების სასამართლო. სასამართლოს შეუძლია გაკოტრების მმართველად დანიშნოს აგრეთვე გაკოტრების დროებითი მმართველი. კრედიტორებს კრედიტორთა პირველ კრებაზე შეუძლიათ აირჩიონ გაკოტრების სხვა მმართველიც. გაკოტრების არჩეულ მმართველს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ამტკიცებს გაკოტრების სასამართლო.
2.სასამართლოს მიერ დანიშნულ (დამტკიცებულ) გაკოტრების მმართველს გადაეცემა დანიშვნის დოკუმენტი, რომელსაც იგი თავისი უფლებამოსილების დასრულების შემდეგ უბრუნებს სასამართლოს. ამ დოკუმენტში მითითებულია გაკოტრების მმართველის უფლებამოსილებანი.
3.გაკოტრების მმართველი თავისი მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელია გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის წინაშე. ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ გაკოტრების მმართველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ეკისრება მისი სრული ოდენობით ანაზღაურება.
4.გაკოტრების მმართველი უფლებამოსილი და ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს თავის მმართველობაში გაკოტრების მასა და კეთილსინდისიერად მართოს და განკარგოს იგი. გაკოტრების მმართველს შეუძლია გარკვეული დროით სრულად ან ნაწილობრივ გააგრძელოს მოვალის საწარმოს საქმიანობა. კრედიტორთა პირველ კრებამდე გაკოტრების მმართველს არ აქვს უფლება განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც გაართულებს ან დააბრკოლებს საწარმოს საქმიანობის შემდგომ გაგრძელებას ან მესამე პირისათვის საწარმოს სამართავად გადაცემას.
5.გაკოტრების მმართველი დანიშვნისთანავე აღწერს ქონებას, ადგენს ბალანსს და აღნიშნულ დოკუმენტებს წარუდგენს გაკოტრების სასამართლოს.
6.გაკოტრების მმართველის საქმიანობის განხორციელებას ზედამხედველობას უწევს გაკოტრების სასამართლო. სასამართლოს შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლოს გაკოტრების მმართველი და დანიშნოს (დაამტკიცოს) სხვა მმართველი. საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

