1.ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების, მოხსნის, მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის, ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის, აღდგენის ან სხვა ფაქტის (გარემოების) დაფიქსირების მიზნით განაწილების ლიცენზიატის წარმომადგენელი ვალდებულია ადგილზე შეადგინოს შესაბამისი აქტი. აქტის შედგენა სავალდებულო არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის შედეგად მომარაგების შეწყვეტის და, შესაბამისად, აღდგენის შემთხვევებში.
1¹.ამ წესების შესაბამისად აქტი შესაძლებელია შედგეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.
2.აქტს განაწილების ლიცენზიატის მიერ უნდა მიენიჭოს ნომერი და მისი აღრიცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3.აქტში უნდა აღინიშნოს: ა) გარემოება, რომლის დაფიქსირების მიზნითაც დგება აქტი; ბ) აქტის შედგენის თარიღი და ადგილი; შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი; მონაცემები მომხმარებლის შესახებ; საქმის გადასაწყვეტად სხვა საჭირო ცნობები; გ) აქტს ხელს აწერენ მისი შემდგენი და მომხმარებელი (თუ ეს წესები ან/და მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს მომხმარებლის დასწრების პირობას); ასევე, თუ არიან მოწმეები, აქტს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქტი შედგენილი იქნება ელექტრონულად; დ) აქტს სათანადო ჩანაწერის საფუძველზე შეიძლება დაერთოს დარღვევის ან სხვა ფაქტის დამადასტურებელი სხვადასხვა მტკიცებულებები; ე) იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს იტყვის აქტის ხელმოწერაზე, კეთდება სათანადო ჩანაწერი. პირს, რომელმაც უარი თქვა აქტის ხელმოწერაზე, უფლება აქვს აქტს დაურთოს ახსნა-განმარტება და შენიშვნები, აგრეთვე, ჩამოაყალიბოს აქტის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივი.
3¹.თუ ტექნიკურად შეუძლებელია ელექტრონული ფორმით შედგენილ აქტზე მომხმარებლის ან მოწმის მიერ ხელის მოწერა ან ამ აქტზე არ ხდება მომხმარებლის ან/და მოწმეების მიერ ახსნა-განმარტების მიბმა, აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ აქტის შედგენიდან ერთი კვირის ვადაში მიაწოდონ აქტის შემდგენს მათი პოზიცია მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რაც ჩაითვლება ელექტრონული ფორმით შედგენილი აქტის დანართად.
4.მომხმარებლის მიერ ამ წესებით ან/და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება: ა) დარღვევის არსი, თარიღი და ადგილი; ბ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა არსებობის შემთხვევაში, მათი ვინაობა და მისამართი; გ) ახსნა-განმარტება (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); დ) მომხმარებლის კუთვნილი ელექტროდანადგარების დადგმული სიმძლავრე (აუცილებლობის შემთხვევაში); ე) ინფორმაცია დამიწების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში); ვ) მოხდა თუ არა დარღვევის ადგილზე გამოსწორება.
5.ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის) შემოწმების აქტში დამატებით აღინიშნება: ა) ელექტროენერგიის მრიცხველის ტიპი და ნომერი, ჩვენება შემოწმების მომენტში და ელექტროენერგიის მრიცხველის მუდმივა; ბ) ბრჯენების ნომრები და მდგომარეობა; გ) დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების მონაცემები; დ) ელექტროენერგიის მრიცხველის ბადროს ბრუნთა რიცხვი (იმპულსების რაოდენობა – ელექტრონული ელექტროენერგიის მრიცხველისათვის) და შესაბამისი დრო; ე) გამოყენებული ელექტროენერგიის მრიცხველის დასახელება და საქარხნო ნომრები, დამოწმების ვადა, სიზუსტის კლასი; ვ) სამფაზა ელექტროენერგიის მრიცხველის შემთხვევაში, დამატებით უნდა აღინიშნოს პირველადი და მეორადი დენის და ძაბვის გაზომვის შედეგები.
6.ელექტროენერგიის მრიცხველის დაყენების ან მოხსნის შემთხვევაში, აქტში დამატებით აღინიშნება: ა) შესაბამისი ელექტროენერგიის მრიცხველის (მრიცხველების) ტექნიკური მახასიათებლები, ნომერი და ჩვენება; ბ) ბრჯენის ნომერი; გ) განმარტება, თუ რა გარემოებათა გამო მოიხსნა ან/და დაყენდა ელექტროენერგიის მრიცხველი; დ) ლაბორატორიის დასახელება, სადაც მოხდება შემოწმების ჩატარება (ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში).
7.თუ სხვადასხვა გარემოებათა გამო, საჭიროა მომხმარებელთან არსებული ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნა, იგი უნდა ჩაიდოს ცალკე პაკეტში და დაილუქოს. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის მრიცხველი შესამოწმებლად განაწილების ლიცენზიატის მიერ გადაიგზავნება აქტთან ერთად, დაინტერესებული პირის მოთხოვნით შესაბამის ლაბორატორიაში.
8.იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ესწრება ელექტროენერგიით მომარაგების შეწყვეტის ან/და უკანონო მოხმარების შესახებ აქტის შედგენას ან უარს იტყვის ამ აქტის ხელმოწერაზე, ან არ გააჩნია ელექტრონული ფოსტის მისამართი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონულად შედგენილი აქტის გაგზავნა, შედგენილი აქტი მომხმარებელს უნდა გაეგზავნოს დაზღვეული წერილით.
9.მიღებული და მოხმარებული ელექტროენერგიის ორი ან მეტი ელექტროენერგიის მრიცხველის საშუალებით აღრიცხვის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს ელექტროენერგიით მომარაგების შესაბამის კვების წყაროზე არსებულ ელექტროენერგიის მრიცხველზე.
10.აქტის შედგენის პროცესს შეიძლება დაესწრონ ადმინისტრაციული ორგანოს ან დაწესებულების წარმომადგენლები, რაც უნდა დადასტურდეს მათ მიერ აქტზე ხელის მოწერით.
11.აქტი უნდა შედგეს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს, მეორე – განაწილების ლიცენზიატს; ხოლო ელექტროენერგიის მრიცხველის მოხსნის შემთხვევაში, აქტი უნდა შედგეს სამ ეგზემპლარად – ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარი გაიგზავნება ლაბორატორიაში ელექტროენერგიის მრიცხველთან ერთად.
12.დაუშვებელია აქტის საფუძველზე რაიმე სახის მოქმედების განხორციელება, თუ ეს აქტი შედგენილია ამ წესებით გათვალისწინებული პირობების ან/და პროცედურების დარღვევით.
13.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის მიერ შედგენილი აქტი და ტექნიკურად გაუმართაობის მიზეზით მოხსნილი ელექტროენერგიის მრიცხველი შეინახოს შესაბამისი აქტის შედგენის თარიღიდან არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მრიცხველი გაუმართაობის გამოსწორების შემდეგ დამონტაჟებულ იქნა იმავე მომხმარებელთან). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 22 ივნისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 28.06.2018 წ.

