მუხლი 53. სპეციალური წყალსარგებლობის ძირითადი მიზნები და პირობები
1. სპეციალური წყალსარგებლობა ხორციელდება: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგების მიზნებისათვის; ბ) სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის; გ) სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის; დ) სამრეწველო და ჰიდროენერგეტიკული მიზნებისათვის; ე) წყლის ტრანსპორტის, საჰაერო ტრანსპორტისა და ხე-ტყის დაცურების მიზნებისათვის; ვ) თევზის მეურნეობის მიზნებისათვის.
2. მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს გაბინძურებისა და დანაგვიანებისაგან საიმედოდ დაცული ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, რომელთა ხარისხი ბუნებრივ მდგომარეობაში ან სათანადო დამუშავების შემდეგ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო სტანდარტებით დადგენილ ნორმებს; ბ) მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებისათვის წყლის ობიექტი უნდა შეირჩეს მისი საიმედოობისა და სანიტარიული დაცვის ზონის ორგანიზების რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით; გ) სასმელად ვარგისი მიწისქვეშა წყლების საწარმოო მიზნით გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოების ტექნოლოგია, არსებული სანიტარიული ნორმებიდან და სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვს სასმელი ხარისხის წყალს; დ) სახელმწიფო წყალსადენიდან სასმელი წყლის საწარმოო დანიშნულებით გამოყენება დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, მხოლოდ შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე, თუ ეს ზიანს არ მიაყენებს მოსახლეობის სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალმომარაგებას.
3. სამკურნალო, საკურორტო და სპორტული მიზნებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) სამკურნალო კატეგორიისათვის დადგენილი წესით მიკუთვნებული წყლის ობიექტი გამოიყენება სამკურნალოდ, საკურორტო მიზნით და წყლის (სამკურნალო ბუნებრივი მინერალური წყლის) სასაქონლო პროდუქციის წარმოებისათვის; ბ) სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება „სამკურნალო კატეგორიისათვის მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანებით, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სამინისტროსთან შეთანხმებით. ამ ობიექტებით სარგებლობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; გ) დასვენებისა და სპორტისათვის წყლის ობიექტით სარგებლობა ფიზიკური პირებისათვის დაიშვება საერთო სარგებლობის ფორმით; დ) (ამოღებულია – 15.07.2020, №6902); ე) მცირე ზომის ხომალდით (ნიჩბიანი ნავი, იალქნიანი იახტა და სხვა) სანაოსნოდ წყლის ობიექტით სარგებლობა დასაშვებია საერთო სარგებლობის ფორმით, მცირე მოცულობის ხომალდებით სარგებლობის დამტკიცებული წესების დაცვით.
4. სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის წყლის ობიექტით სარგებლობის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი პირობები: ა) ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც წყლის ობიექტით სასოფლო-სამეურნეო საჭიროებისათვის სარგებლობენ, ვალდებული არიან, დაიცვან წყალსარგებლობის დადგენილი წესები, ნორმები და რეჟიმი, მიიღონ ზომები სამელიორაციო სისტემებიდან წყლის ფილტრაციითა და აორთქლებით დანაკარგების შესამცირებლად, მათგან წყლის არარაციონალური გადაგდების თავიდან ასაცილებლად, არ დაუშვან თევზის თევზსამეურნეო წყალსატევებიდან სამელიორაციო სისტემებში მოხვედრა, აგრეთვე შექმნან ნიადაგის ტენიანობისათვის ხელსაყრელი რეჟიმი; ბ) ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქონლის გადარეკვისას დაიცვან საქონლის გადასარეკ ტრასებზე განლაგებული წყალმომარაგების წყაროები გაბინძურებისა და დაშრეტისაგან, ხოლო წყალსამეურნეო ნაგებობები და მოწყობილობები − დაზიანებისაგან; გ) მეცხოველეობის ფერმები, კომპლექსები და სხვა აგროსამრეწველო საწარმოები წყლის ობიექტებისა და წყალშემკრები აუზების გაბინძურებისაგან დასაცავად უნდა აღიჭურვოს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობებით; დ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დებულებები ვრცელდება აგრეთვე ტყის, ტყის ზოლებისა და ტყის სანერგეების მიწების მორწყვასა და დაშრობაზე; ე) ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესს თითოეული წყალსაცავისათვის, კასკადისათვის ან წყალსაცავების სისტემისათვის შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო ბრძანებით „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში
მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც
