1.საქართველოს მთავრობამ: ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ა.ა) „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“; ა.ბ) „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“; ა.გ) „წყლის რესურსების მონიტორინგის დაგეგმვისა და განხორციელების წესი“; ა.დ) „პოტენციური წყალდიდობების რისკის ქვეშ მყოფი არეალების შეფასების შესახებ“; ა.ე) ტექნიკური რეგლამენტი „ზედაპირული წყლის ობიექტებში ურბანული და სამრეწველო ჩამდინარე წყლების ჩაშვების პირობები“; ა.ვ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობებისა და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმები“; ა.ზ) ტექნიკური რეგლამენტი − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესი“; ა.თ) „სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის თაობაზე“; ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება: ბ.ა) „წყლის ობიექტების იდენტიფიკაციისა და საზღვრების დადგენის წესი“; ბ.ბ) ტექნიკური რეგლამენტი „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ“; ბ.გ) ტექნიკური რეგლამენტი „წყალდაცვითი ზოლის შესახებ“; ბ.დ) „სასმელი წყლის წყალმომარაგების ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის დადგენისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“; ბ.ე) „ზედაპირული წყლის ხარისხის სტანდარტების დამტკიცების თაობაზე“; ბ.ვ) „ზედაპირული წყლის ობიექტებზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“.
2.მინისტრმა: ა) 2026 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესის“ დამტკიცება; ბ) 2027 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ბ.ა) „ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი წყლის მდგომარეობის ანგარიშის შინაარსის შესახებ“ ბრძანების გამოცემა; ბ.ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი მეთოდოლოგიების დამტკიცება; ბ.გ) ზედაპირულ წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მყოფი ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; ბ.დ) ნიტრატების მიმართ მოწყვლადი ზონებისთვის კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის წესების განსაზღვრა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება; ბ.ე) მიწისქვეშა წყლებზე ნიტრატებით დაბინძურებული ან დაბინძურების რისკის ქვეშ მოქცეული ზონების იდენტიფიცირება და ნიტრატებისადმი მოწყვლადი ზონების განსაზღვრა; ბ.ვ) ურბანული ჩამდინარე წყლებით ზემოქმედების რისკის ქვეშ მოქცეული სენსიტიური არეალებისა და აგლომერაციების იდენტიფიცირება.
3.2027 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების აღწერა; ბ) კომპლექსური ღონისძიებების შემუშავება ქალაქებისა და სოფლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საკანალიზაციო ჩამდინარე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად.
4.სამინისტრომ და მის სისტემაში შემავალმა უწყებებმა 2026 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ ამ კანონით მათზე დაკისრებული ფუნქციების შეუფერხებლად შესასრულებლად საჭირო სტრუქტურული ქვედანაყოფების შესაქმნელად ან/და მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად შესაბამისი კონკურსების გამოსაცხადებლად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების განხორციელება.
5.„წყლის შესახებ“ 1997 წლის 16 ოქტომბრის საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.
123)საფუძველზე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას მათ ძალადაკარგულად გამოცხადებამდე ან ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №485 – ვებგვერდი, 16.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 24 ივნისის კანონი №1766 – ვებგვერდი, 02.07.2026წ. საქართველოს 2026 წლის 16 სექტემბრის კანონი №1862/2 – ვებგვერდი, 16.09.2026წ.

