1.აბონენტად რეგისტრაციის მიზნით პირმა განაცხადით უნდა მიმართოს შესაბამის განაწილების ლიცენზიატს.
2.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც, ამ წესების შესაბამისად, ბუნებრივი გაზით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, დაარეგისტრიროს პირი აბონენტად და განახორციელოს, ამ წესებით გაზმომარაგებასთან დაკავშირებით, განაწილების ლიცენზიატის მიმართ განსაზღვრული ყველა საჭირო მოქმედება, აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.
3.საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ახალი მესაკუთრე ვალდებულია საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განაცხადი შესაბამის განაწილების ლიცენზიატთან. 3 1 . უძრავი ქონების დროებითი ფლობის შემთხვევაში, უძრავი ქონების მესაკუთრე უფლებამოსილია განაცხადოს უარი აბონენტად რეგისტრაციაზე. ასეთ შემთხვევაში: ა) უძრავი ქონების მესაკუთრე ვალდებულია მიუთითოს იმ პირის ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები, ვის დროებით მფლობელობაშიც იმყოფება ეს ობიექტი (მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია უძრავი ქონების მესაკუთრე); ბ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განაცხადის მიღებიდან 5 სამუშაო დღეში, ფაქტობრივ მფლობელს წერილობით მოსთხოვოს აბონენტად დარეგისტრირება და იმავდროულად აცნობოს რეგისტრაციის პროცედურების, რეგისტრაციაზე უარის თქმის და ამ მოთხოვნის რეაგირების გარეშე დატოვების შედეგების თაობაზე; გ) დროებითი მფლობელი ვალდებულია, აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღეში მიმართოს განაწილების ლიცენზიატს აბონენტად რეგისტრაციის მოთხოვნით, წინააღმდეგ შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეწყვიტოს მომარაგება; დ) განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაცია გააუქმოს დროებითი მფლობელის აბონენტად რეგისტრაციის ან მომარაგების შეწყვეტის მომენტიდან, მაგრამ არაუგვიანეს მესაკუთრის აბონენტად რეგისტრაციაზე უარის განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღისა.
4.პირს, მის მიერ უძრავი ქონების დროებით სარგებლობისას, ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, უფლება აქვს მოითხოვოს აბონენტად რეგისტრაცია, ხოლო განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია ამ მისამართზე დაარეგისტრიროს იგი აბონენტად. ამასთან, თუ ამ დროებითი მფლობელის რეგისტრაცია იწვევს იმ აბონენტის რეგისტრაციის გაუქმებას, რომელსაც გადასახდელი აქვს თანხა და შეუძლებელია აღნიშნული თანხის სხვა მისამართზე გადატანა წესების მე-15 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად, განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ პირის მიერ მის დეპოზიტზე თანხის შეტანა წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, ასევე, შეწყვიტოს განწილვადების ხელშეკრულება (მ.შ. მიერთების საფასურის) და მოითხოვოს არსებული მომხმარებლისგან დარჩენილი თანხის სრულად გადახდა. საბოლოო ანგარიშსწორებისას, დარიცხული დავალიანების (მ.შ. მიერთების საფასურის) გადაუხდელობის ან დაფარვის პირობებზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს განმცხადებელს უარი განუცხადოს აღნიშნულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციაზე).
5.განმცხადებელი აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარდგენით გამოხატავს თავის ნებას, მიიღოს და მოიხმაროს ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობებით, ხოლო, მეორე მხრივ, განაწილების ლიცენზიატი ამ განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციით გამოხატავს თანხმობას და კისრულობს ვალდებულებას განმცხადებლის ბუნებრივი გაზით მომარაგებაზე მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. როგორც განაწილების ლიცენზიატს, ისე განმცხადებელს (აბონენტს) უფლება აქვს მოსთხოვოს მეორე მხარეს ამ გარიგების წერილობითი ფორმით დადასტურება სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
6.განაცხადში მითითებულ უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის ვინაობა, მისამართი და საკონტაქტო რეკვიზიტები (ინფორმაციის მიღების მინიმუმ ორი საშუალება - ძირითადი და ალტერნატიული ნომერი ან/და ელექტრონული მისამართი); ბ) განაწილების ლიცენზიატის დასახელება; გ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის თანხმობა, მისი სახელი, გვარი, მისამართი, მოქალაქის პირადი ნომერი (მისაღებია სხვა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით), ან იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის (ასევე, სხვა ფორმის მეწარმე სუბიექტის), ან სახელმწიფო, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საგადასახადო ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი და თარიღი; დ) ადგილი (მისამართი), სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა და ბუნებრივი გაზით მომარაგება; ე) იმ უძრავი ქონების ფლობის ფორმა, სადაც უნდა მოხდეს მომსახურების გაწევა; ვ) ბუნებრივი გაზის მოხმარების მიზანი (საყოფაცხოვრებო ან არასაყოფაცხოვრებო); ზ) მომხმარებლის კუთვნილი ბუნებრივი გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების ჩამონათვალი, სახეობა და სიმძლავრე; თ) ასევე სხვა მოთხოვნები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის განმცხადებელი.
7.განაცხადს დამატებით უნდა დაერთოს: ა) უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი ცნობა, ხოლო უძრავი ქონების დროებით სარგებლობის შემთხვევაში – ამ უძრავი ქონების მესაკუთრის წერილობითი თანხმობა; ბ) გადახდაზე პასუხისმგებელი ფიზიკური პირის წერილობითი თანხმობა, თუ განმცხადებელი და გადახდაზე პასუხისმგებელი სხვადასხვა პირები არიან.
7¹.იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ქონება წარმოადგენს საერთო საკუთრებას, თანამესაკუთრის თანხმობის წარუდგენლობა არ წარმოადგენს აბონენტად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განაცხადზე ხარვეზის დადგენის საფუძველს.
8.აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაარეგისტრიროს საცალო მომხმარებელი აბონენტად და უზრუნველყოს მისი ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
8¹.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, გადაამოწმოს განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადში მითითებული პირადი და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია (გარდა საკონტაქტო მონაცემებისა) არ ემთხვევა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს იმოქმედოს ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული წესით.
9.განმცხადებლის აბონენტად რეგისტრაციის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისთანავე, აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყებამდე, უნდა შედგეს ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტი, სადაც განაცხადში ასახული მონაცემების გარდა უნდა აღინიშნოს ბუნებრივი გაზის მრიცხველის ტიპი და ნომერი, საწყისი ჩვენება, ბრჯენის ნომერი და ბუნებრივი გაზის მრიცხველის გეგმური შემოწმების პერიოდი. მომხმარებელი ვალდებულია დაესწროს აქტის შედგენას, განაწილების ლიცენზიატი კი ვალდებულია წინასწარ აცნობოს მომხმარებელს აქტის შედგენის თარიღი და დრო.
10.ახალი მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენაზე მომხმარებლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიერ აქტში უნდა გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი აღნიშნულის შესახებ. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს აქტის ასლი დაზღვეული წერილით (დაზღვეული წერილის გაგზავნის ხარჯები ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ).
11.აბონენტად რეგისტრაციის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შესთავაზოს მომხმარებელს ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც მიმწოდებელმა, თუ იგი განაწილების საქმიანობასთან ერთად ეწევა მიწოდების საქმიანობას, ხოლო მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში – უზრუნველყოს მისი გაფორმება. მიმწოდებელს ან/და მომხმარებელს ხელშეკრულების გაფორმებისას უფლება აქვთ გამოიყენონ ტიპური ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება“ (დანართი №1) კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით. ამასთან, ხელშეკრულების ფორმის არჩევისას მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს ,,ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების“ დანართი №1-ით დამტკიცებული სტანდარტული ფორმის ხელმოწერა, კომისიის ვებგვერდზე განთავსებული ფასით.
12.აბონენტად რეგისტრაციის, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა (მომხმარებლის სურვილის შესაბამისად) და ახალი აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების დაწყების შესახებ აქტის შედგენის შემდეგ განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ამ მომხმარებლის ბუნებრივი გაზით მომარაგება ამ წესების პირობების შესაბამისად, თუ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადით ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის სხვა თარიღი არ არის გათვალიწინებული.
13.ბუნებრივი გაზის საცალო მომხმარებელი (აბონენტი) ვალდებულია ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ განაცხადში მითითებული მიზნებისათვის.
14.ამ მუხლით გათვალისწინებულ აბონენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის წარმდგენს ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო პროცედურებისა და ღონისძიებების განხორციელებისათვის არ შეიძლება მოეთხოვოს რაიმე სახის საფასურის გადახდა, თუ ამ წესებით სხვა პირობა არ არის პირდაპირ გათვალისწინებული.
15.მომხმარებელი ვალდებულია, ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ მონაცემებშიცვლილების თაობაზე.
16.განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია, მოითხოვოს საცალო მომხმარებლისგან ამ წესებით გათვალისწინებული მაიდენტიფიცირებელი და საკონტაქტო ინფორმაციის განახლება, ხოლო საცალო მომხმარებელი ვალდებულია, მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში აცნობოს განაწილების ლიცენზიატს აღნიშნული ინფორმაცია (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით). წინააღმდეგ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი გაფრთხილების შემდეგ, გაფრთხილებიდან არანაკლებ 5 სამუშაო დღისა, შეუწყვიტოს ბუნებრივი გაზით მომარაგება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 26 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 24 იანვარის დადგენილება №3 - ვებგვერდი, 29.01.2020 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №82 - ვებგვერდი, 29.12.2023 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 18 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 22.07.2024 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 7 აგვისტოს დადგენილება №27 - ვებგვერდი, 08.08.2025 წ.

