გარდაცვალების რეგისტრაციის პირობები და განცხადების წარდგენა
სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია კი ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში.
გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება კანონით სპეციალურ პირებს ეკისრებათ და მკაცრი ვადებით:
- სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს — პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა ამ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ დაწესებულებამ;
- პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ ასეთ დაწესებულებასთან — გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს — გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს — საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს — სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს — საომარი მდგომარეობის დროს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით — შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს — საბრძოლო მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით — შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
- მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია ივარაუდოს, რომ კანონით გათვალისწინებული პირებისთვის გარდაცვალების ფაქტი უცნობია.
გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტები
გარდაცვალების რეგისტრაციის მიზნებისთვის დამადასტურებელი დოკუმენტებია: გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა; უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმი გარდაცვალების შესახებ; უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა რეპრესირებულ პირთან დაკავშირებით; შესაბამისი სამსახურების შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციაში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებაში ანდა სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ; აგრეთვე სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი ან უფლებამოსილი პირი, აგრეთვე ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე დამოუკიდებელი პირი ვალდებულია გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა სააგენტოს წარუდგინოს ელექტრონული ფორმით; დევნილებთან დაკავშირებულ გათვალისწინებულ შემთხვევაში ის მატერიალური ფორმითაც შეიძლება წარდგენილ იქნეს. ცნობის რეკვიზიტები, შედგენისა და გაგზავნის წესი განისაზღვრება შესაბამისი ერთობლივი ბრძანებით, ხოლო გამგზავნი დაწესებულება/პირი პასუხისმგებელია გაგზავნილი ცნობის სისწორისა და სისრულისთვის — გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მისი სრულყოფილად შევსება შეუძლებელია სათანადო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო.

