
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
ადვოკატი იოსებ გაბარაევი დაიბადა 1981 წლის 24 სექტემბერს ქალაქ გორში. 2003 წელს წარჩინებით დაამთავრა გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2011 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სისხლის სამართლის სპეციალობით. 2022 წელს წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე – „ძალადობით ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხები“ და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004 წლიდან ეწევა საადვოკატო საქმიანობას. 2007–2019 წლებში მუშაობდა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს ადვოკატად, სადაც პროფესიული საქმიანობისთვის 2010 და 2015 წლებში გამოეცხადა მადლობა. 2019 წლიდან განაგრძობს კერძო საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. პარალელურად მრავალი წელია ჩართულია აკადემიურ საქმიანობაში. არის გორის ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი და კითხულობს პრაქტიკულ სასწავლო კურსებს, მათ შორის – „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას“. 2024 წლის მარტიდან არის თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან – საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი; ასევე, 2025 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორი. არის ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. მისი საქმიანობა მოიცავს ადვოკატთა პროფესიული განვითარებისა და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ტრენინგების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას. არის რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი, მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ევროპის სამართლის ინსტიტუტის (European Law Institute – ELI) ყოველწლიურ კონფერენციებსა და პროფესიულ შეხვედრებში, მათ შორის მომხსენებლის სტატუსით. 2024 წლიდან არის სამედიცინო სამართლის მსოფლიო ასოციაციის წევრი. ჩაბარებული აქვს ადვოკატთა, პროკურატურის მუშაკთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები სისხლის სამართლის სპეციალობით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი სისხლის სამართლის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების, ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. პროფესიული განვითარების მიზნით არაერთხელ იმყოფებოდა სასწავლო ვიზიტებით ევროკავშირის ინსტიტუტებში, მათ შორის ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში, ევროკომისიაში, ევროკავშირის პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სქესობრივი დანაშაულები და საადვოკატო პრაქტიკა.
ბიოგრაფია
2025: ,,კეთილი სამარიტელის პრინციპი: შედარებითი სამართლებრივი ანალიზი გერმანიისა და საქართველოს მაგალითზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის კონტექსტში”, სამეცნიერო შრომების ჟურნალი, დეკემბერი, 2025 წელი, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია; • 27.05.2025 წ. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების კონტექსტში“, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია, (იხ. კრებული ,,თანამედროვეობის გლობალური გამოწვევები“ გვ.237); 2026: სამედიცინო შეცდომა როგორც სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი: სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი რეგულირების შედარებითი ანალიზი, (თანაავტორი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი - ნინო ლიპარტია) სამეცნიერო შრომების ჟურნალი, 2026 წელი, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია;
ნდობა ადვოკატსა და კლიენტს შორის სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია. კლიენტი ადვოკატს ანდობს არა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემას, არამედ ხშირად საკუთარ პირად ცხოვრებას, რეპუტაციასა და მომავალს. ამიტომ ადვოკატის პროფესია მხოლოდ იურიდიულ ცოდნას არ ეფუძნება — ის მოითხოვს ეთიკურ პასუხისმგებლობას, კონფიდენციალურობის დაცვას და კეთილსინდისიერებას. ფილოსოფიური თვალსაზრისით, ნდობა ნიშნავს რწმენას, რომ მეორე მხარე იმოქმედებს პატიოსნად და პროფესიული მოვალეობის შესაბამისად. ადვოკატისთვის ეს გულისხმობს კლიენტის ინტერესების დაცვას, თუმცა არა სამართლისა და სამართლიანობის ხარჯზე. აქ იკვეთება ბალანსი ერთგულებასა და პროფესიულ ვალდებულებას შორის. ადვოკატსა და კლიენტს შორის ძლიერი ნდობა ხელს უწყობს ღია კომუნიკაციას, რაც საბოლოოდ ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების აუცილებელი წინაპირობაა. ნდობის გარეშე ეს ურთიერთობა ფორმალურ ხასიათს იღებს და კარგავს თავის მთავარ ღირებულებას — ადამიანის სამართლებრივი დაცვის რეალურ შესაძლებლობას.
დაუკავშირდით იოსებ გაბარაევი-ს პირდაპირ