სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს; ა 1 ) ცხოველური წარმოშობის სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი გადამუშავებული პროდუქტი, ან გადაუმუშავებელი პროდუქტი, აგრეთვე გადამუშავებული პროდუქტის შემდგომი გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, რომელიც მიიღება სასურსათო დანიშნულების ცხოველისგან; ბ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას; გ) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა; დ) ბიოწარმოება – მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე და ეს შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით; ე) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი − ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს; ვ) პირველადი პროდუქტი − ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე (მათ შორის, ნიადაგიდან) ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად; ზ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი (საკვებდანამატის ჩათვლით); თ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი; ი) მცენარეული პროდუქტი − მცენარეული წარმოშობის სურსათი, აგრეთვე მცენარეული წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც, თავისი ბუნებიდან ან გადამუშავების თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა მავნე ორგანიზმების გაჩენისა და გავრცელების რისკს ქმნიდეს; კ) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი); კ 1 ) სასურსათო დანიშნულების ცხოველი − სურსათის წარმოების/სურსათად გამოყენების მიზნით გაზრდილი, მოშენებული, შენახული, მონადირებული, დაკლული ან შეგროვებული ცხოველი; ლ) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად; მ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია − ცხოველისათვის ან/და ცხოველთა ჯგუფისათვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მისი ნიშანდება და ერთიან რეესტრში შეტანა; ნ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას; ო) მცენარე − ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და გენეტიკური მასალის ჩათვლით); პ) სახელმწიფო კონტროლი – უფლებამოსილი პირის ქმედება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად; ჟ) კომპეტენტური ორგანო − სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი; რ) მაკონტროლებელი ორგანო − იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულება; ს) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური ორგანო ანიჭებს; ტ) გადამუშავება − ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს (მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია); უ) გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, გატყავდა, დანაწილდა, დაიჩეხა, დანაწევრდა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები, დაიფქვა, დაქუცმაცდა, გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაიფცქვნა, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა; ფ) გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად. გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების მისანიჭებლად; ქ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება; ღ) მავნე სურსათი/ცხოველის საკვები − ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს; ყ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის; შ) მცირე ბიზნესი − იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც სარგებლობს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული მიკრო ბიზნესის, მცირე ბიზნესის ან ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით; ჩ) აღიარება − რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება; ც) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი ეტაპი, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის იმპორტის, ექსპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით; ძ) ტრადიციული მეთოდი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, აგრეთვე პირველადი წარმოება ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობისთვის გადაცემული მეთოდების გამოყენებით, ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით; წ) მაღალმთიანი რეგიონი – „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მაღალმთიანი დასახლება; ჭ) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით; ხ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით; ჯ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი − ნაკვეთის ან ნაგებობის ერთეული ან ამ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც იმართება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად; ჯ 1 ) საცალო ვაჭრობა − სურსათის დამუშავება, გადამუშავება ან/და სურსათთან დაკავშირებული სხვა ქმედება და სურსათის რეალიზაციის ადგილზე შენახვა ან საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება. საცალო ვაჭრობა მოიცავს სადისტრიბუციო ტერმინალებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, საწარმოებში არსებულ სასადილოებს, ორგანიზაციებში არსებულ კვების ობიექტებს, რესტორნებს, მაღაზიებს (მათ შორის, საბითუმო მაღაზიებს), სუპერმარკეტების სადისტრიბუციო ცენტრებს და სურსათთან დაკავშირებული მსგავსი მომსახურების გამწევ ობიექტებს; ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური პროდუქტის, მცენარეული პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის რეალიზაციის მიზნით განთავსება, მათ შორის, გაყიდვის ან სხვა ფორმით გადაცემის შეთავაზება, სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, რეალიზაცია, დისტრიბუცია და სხვა ფორმით მიწოდება; ჰ 1 ) საცალო ვაჭრობის პუნქტი − ობიექტი, სადაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება; ჰ 2 ) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათს/ცხოველის საკვებს, ცხოველს, მცენარეს, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებს, ვეტერინარულ პრეპარატს, პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს სარეალიზაციოდ არ იყენებს; ჰ 3 ) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს; ჰ 4 ) რისკი − ადამიანის ჯანმრთელობაზე, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზემოქმედებისას მისი გავლენის ალბათობა და სიმძიმე; ჰ 5 ) ვეტერინარი − პირი, რომელსაც აქვს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი დიპლომი ან ვეტერინარის სერტიფიკატი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატი; ჰ 6 ) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვებული ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატი; ჰ 7 ) მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე; ჰ 8 ) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით; ჰ 9 ) ეტიკეტი − სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ პროდუქტთან, მცენარეულ პროდუქტთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, რომელიც განთავსებულია შეფუთვაზე, დაფასოებაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე; ჰ 10 ) შეუსაბამობა − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა; ჰ 11 ) აკრედიტებული ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია; ჰ 12 ) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პათოლოგიური გამოვლინება, აგრეთვე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა; ჰ 13 ) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია; ჰ 14 ) დასნებოვნებული კერა – ზონა, რომელშიც დადასტურებულია გადამდები დაავადების ან მისი აღმძვრელის არსებობა; ჰ 15 ) ეპიზოოტია – დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება; ჰ 16 ) გადამდები დაავადება – ცხოველის ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმს გადაედება; ჰ 17 ) ზოონოზური დაავადება – ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს; ჰ 18 ) ვეტერინარული კეთილსაიმედოობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაავადებების არარსებობა; ჰ 19 ) კრიზისული მდგომარეობა − ბუნებრივად ან ადამიანის მიერ გამოწვეული მოულოდნელი და სახიფათო მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს, ინფრასტრუქტურას, გარემოს და დროულ რეაგირებას მოითხოვს; ჰ 20 ) ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და შესაცვლელად; ჰ 21 ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ სერტიფიკატის ფორმას და ადასტურებს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს; ჰ 22 ) ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის/სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჰ 23 ) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ჰ 24 ) პესტიციდი − ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული პროდუქტებისა და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის; ჰ 25 ) აგროქიმიკატი – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასუქი ან/და ქიმიური მელიორანტი. ეს ტერმინი ვრცელდება ტორფზე, თუ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის სასუქის სახით გამოიყენება; ჰ 26 ) საკარანტინო ზონა − გეოგრაფიული არეალი, რომელშიც იყო ან არის დაავადებული ცხოველი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი; ჰ 27 ) მცენარეთა კარანტინი − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მათი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად; ჰ 28 ) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია გადამდები დაავადებების გამოსავლენად ან/და მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად; ჰ 29 ) ფიტოსანიტარიული ზომა − პროცედურა, რომელიც გამოიყენება საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად; ჰ 30 ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი − მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანსპორტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი, სხვა მასალა ან/და არეალი, რომელშიც შესაძლებელია არსებობდეს მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენება, განსაკუთრებით − საერთაშორისო გადაზიდვის შემთხვევაში; ჰ 31 ) ცხოველთა საკარანტინო დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფართო არეალზე სწრაფი გავრცელებით, ცხოველთა მაღალი ავადობით ან სიკვდილიანობით; ჰ 32 ) მავნე ორგანიზმი − მცენარეებისათვის ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან არასაკარანტინო; ჰ 33 ) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელსაც პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხისადმი დაქვემდებარებული იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად არის გავრცელებული და სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა; ჰ 34 ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელიც მოცემული ზონისათვის არ არის საკარანტინო მავნე ორგანიზმი; ჰ 35 ) ტვირთი − მცენარის ან მცენარეული პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან; ჰ 36 ) სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერება − „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნივთიერება; ჰ 37 ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემა − სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებით და მათი კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა; ჰ 38 ) ცხოველური ნარჩენი (ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) (შემდგომ − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი) − ცხოველის სხეული ან ცხოველის სხეულის ნაწილი, ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ან ცხოველისგან მიღებული სხვა პროდუქტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს 2009 წლის 21 ოქტომბრის (EC) No 1069/2009 რეგულაციის შესაბამისად; ჰ 39 ) სააგენტო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო. ჰ 40 ) განკარგვა − ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის შეგროვება, ტრანსპორტირება, შენახვა, გადამუშავება, გამოყენება ან განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ჰ 41 ) მცენარეთა დაცვა − სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სხვა მცენარეთა მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მართვა, რომლის მიზანია მათი საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებისა და ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილება და რომელიც მოიცავს: მცენარეთა კარანტინის ღონისძიებებს, მათი ინვაზიური და მიგრაციული სახეობების მონიტორინგსა და კონტროლს, მავნებლების ინტეგრირებულ მართვასა და ექსტენციას, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციასა და კონტროლს; ჰ 42 ) სპირტიანი სასმელი − ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი, განსაზღვრული ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მქონე ალკოჰოლური სასმელი, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 15%-ია; ჰ 43 ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტი − სასოფლო-სამეურნეო ნედლეულისგან მიღებული უფერო, გამჭვირვალე პროდუქტი, რომლის მოცულობითი სპირტშემცველობა არანაკლებ 96,0%-ია; ჰ 44 ) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატი − სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნედლეულის სპირტული დუღილის/ფერმენტაციის პროდუქტის (პროდუქტების) შემდგომი დისტილაციით მიღებული ალკოჰოლური სითხე, რომელსაც არ აქვს უშუალოდ ეთილის სპირტის ან სპირტიანი სასმლის (სასმელების) თვისებები, თუმცა შენარჩუნებული აქვს გამოყენებული ნედლეულის არომატი და გემო; ჰ 45 ) რეფერენტული გამოცდა − შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორიის მიერ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა, რომელიც ტარდება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ეთანხმება შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს; ჰ 46 ) აუდიტი − სისტემური და დამოუკიდებელი შემოწმება, რომელიც ხორციელდება იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა საქმიანობა და მასთან დაკავშირებული შედეგები განსახორციელებელ გეგმებს, ეფექტიანად განხორციელდა თუ არა ეს გეგმები და რამდენად შესაფერისია ისინი დასახული მიზნების მისაღწევად. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4038 – ვებგვერდი, 28.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1649 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის კანონი №1754 - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3452 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 2 ნოემბრის კანონი №975 – ვებგვერდი, 05.11.2021წ. თავი II. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპები
