მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
1. ამ კანონის მიზნებისათვის კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნავთობი და გაზი – ნახშირწყალბადების ბუნებრივი ნაერთების კომპლექსი, რომელიც ნორმალური ატმოსფერული წნევისა და ტემპერატურის პირობებში შეიძლება იყოს აირად (ნავთობის თანმდევი ან ბუნებრივი გაზი), თხევად (ნავთობი და კონდენსატი) ან მყარ (პარაფინი, ბიტუმი, გაზის ჰიდრატები) მდგომარეობაში; ა 1 ) ბუნებრივი წყალბადი − თავისუფალი სახით არსებული წყალბადი, რომელიც მოიპოვება ბუნებრივი წყალბადის ბუდობიდან ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მქონე პირის მიერ განხორციელებული ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების შედეგად; ა 2 ) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი − ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისთვის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით მიენიჭა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი; ბ) ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და შენახვა); ბ 1 ) ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები − შესაბამისი ხელშეკრულებითა და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში განხორციელებული ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის შეგროვება, მომზადება, გაზომვა, შენახვა); გ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ნავთობისა და გაზის ოპერაციები – ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან, ნავთობისა და გაზის იმპორტი, ტრანზიტი, მაგისტრალური მილსადენითა და მობილური საშუალებებით ტრანსპორტირება, გადამუშავება, ნავთობპროდუქტების მიწოდება და ექსპორტ-იმპორტი; გ 1 ) ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები − ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელი მხარეები, აგრეთვე ევროპის კავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები; გ 2 ) წიაღით სარგებლობასთან დაუკავშირებელი ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები – ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული არ არის ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებასა და მოპოვებასთან, აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის იმპორტი, ტრანზიტი, გადამუშავება, მიწოდება; დ) ინვესტორი – საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, იურიდიული პირი ან იურიდიული პირების ერთობლიობა (კონსორციუმი), რომელიც მონაწილეობს ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებასა და მოპოვებაში და ამისთვის საკუთარ, ნასესხებ ან მოზიდულ ფინანსურ საშუალებებს იყენებს; ე) სუბიექტი – საჯარო და კერძო სამართლის ფიზიკური და იურიდიული პირები; ვ) ფართობი − ხელშეკრულებით განსაზღვრული ტერიტორია, რომელზედაც ინვესტორს ენიჭება ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ექსკლუზიური უფლება; ზ) აფილირებული კომპანია: ზ.ა) იურიდიული პირის წარმომადგენელი სხვა იურიდიული პირი (შემდგომ – პირი), რომელშიც იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; ზ.ბ) იურიდიული პირი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს პირის 50% ან მეტ აქციებს, ხმების უმრავლესობას, ან რომელსაც სხვაგვარად შეუძლია პირის მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; თ) ნავთობისა და გაზის ბუდობი – წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობისა და გაზის ბუნებრივი თავმოყრა; ი) ნავთობისა და გაზის საბადო – ნავთობისა და გაზის ბუდობების ერთობლიობა; კ) ნავთობისა და გაზის რესურსები – წიაღში არსებული ნავთობის, გაზისა და კონდენსატის რაოდენობა; ლ) ნავთობისა და გაზის საბადოების ძებნა – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ბურღვითი და სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საბადოს სამრეწველო მნიშვნელობის წინასწარი შეფასება; მ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ძიება – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება ბუდობის სტრუქტურის, ნავთობისა და გაზის მარაგების, ხარისხისა და მოპოვების პირობების განსაზღვრა; ნ) ნავთობისა და გაზის ბუდობის ათვისება – ნავთობისა და გაზის მოპოვების მიზნით განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, ნახშირწყალბადების წიაღიდან ამოღება, მათი შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და ნავთობისა და გაზის მომზადება; ო) მომზადება – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის მინარევებისგან გაწმენდა; ო 1 ) ბუნებრივი წყალბადის ბუდობი – წიაღში მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალბადის ბუნებრივი თავმოყრის ადგილი; ო 2 ) ბუნებრივი წყალბადის საბადო – ბუნებრივი წყალბადის ბუდობების ერთობლიობა; ო 3 ) ბუნებრივი წყალბადის რესურსები – წიაღში არსებული ბუნებრივი წყალბადის რაოდენობა; ო 4 ) ბუნებრივი წყალბადის საბადოების ძებნა – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ბურღვითი და სხვა დამხმარე სამუშაოები, რომელთა საფუძველზედაც ხორციელდება ბუნებრივი წყალბადის საბადოების სამრეწველო მნიშვნელობის წინასწარი შეფასება; ო 5 ) ბუნებრივი წყალბადის ბუდობის ძიება – გეოლოგიური, გეოფიზიკური, ტექნოლოგიური და სხვა სამუშაოები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება ბუნებრივი წყალბადის ბუდობის სტრუქტურა, ბუნებრივი წყალბადის მარაგები და მოპოვების პირობები; ო 6 ) ბუნებრივი წყალბადის ბუდობის ათვისება – ბუნებრივი წყალბადის მოსაპოვებლად განხორციელებული ტექნოლოგიური და საორგანიზაციო სამუშაოები, აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის წიაღიდან ამოღება, შეგროვება, მომზადების ადგილამდე გადატანა და მომზადება; პ) ბონუსი – თანხა, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით გადაეცემა სახელმწიფოს ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, ან სამრეწველო მნიშვნელობის ნავთობის და გაზის მარაგების აღმოჩენისას, ანდა ნავთობისა და გაზის მოპოვების გარკვეული დონის მიღწევისას, ან სხვა შემთხვევებში; ჟ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი – საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით ან/და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი საქართველოს ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობისა და გაზის რესურსების ან ბუნებრივი წყალბადის რესურსების განსაზღვრული მოცულობისთვის (რაოდენობისთვის), რომლის ოდენობა 1 ტონა ნავთობისთვის, 1 000 კუბური მეტრი გაზისთვის ან 1 000 კუბური მეტრი ბუნებრივი წყალბადისთვის ლარებში შეიტანება ნავთობისა და გაზის ხელშეკრულებაში; რ) ინვესტორის საკომპენსაციო ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვებისათვის გაწეული ხარჯების და დანახარჯების ანაზღაურებას, დაფინანსების ხარჯების ჩათვლით. საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის ოდენობა და კომპენსირების წესები და პროცედურა განისაზღვრება ხელშეკრულებით; ს) სახელმწიფოს საკომპენსაციო ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ნაწილი, რომელიც ხმარდება ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების მიზნით ინვესტორისათვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების და მოპოვების უფლების მინიჭებამდე, სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას, თუ ეს ხარჯები და დანახარჯები აღიარებულია ხელშეკრულებით ინვესტორის მიერ; ტ) საბაზისო ნავთობი და გაზი – სახელმწიფოსთვის გადასაცემი მოპოვებული ნავთობი და გაზი, რომლის ოდენობის გაანგარიშების წესი განისაზღვრება ინვესტორთან დადებული ხელშეკრულებით და ითვალისწინებს: ტ.ა) ნავთობისა და გაზის ოდენობას, რომელიც მოიპოვებოდა ინვესტორისთვის გადაცემულ ფართობზე მისთვის ამ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლების მინიჭებამდე; ტ.ბ) საბადოს (საბადოების) გამოფიტვის პროფილს; ტ.გ) სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ფაქტორს; უ) ნამატი ნავთობი და გაზი – საბაზისო ნავთობისა და გაზის გარდა მოპოვებული ნავთობი და გაზი; ფ) მოგების ნავთობი და გაზი – მოპოვებული ნავთობისა და გაზის ის ნაწილი, რომელიც რჩება მოპოვებული ნავთობისა და გაზის სრული ოდენობისაგან საბაზისო და საკომპენსაციო ნავთობისა და გაზის გამოკლების შემდეგ; ქ) ფორსმაჟორი – სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება ინვესტორის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება; ღ) საოპერაციო კომპანია – საქართველოში ჩამოყალიბებული იურიდიული პირი, რომელიც ინვესტორისათვის და ინვესტორის სახელით ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად; ყ) საქართველოს ტერიტორიული ზღვა – „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული საქართველოს ტერიტორიული წყლები (ტერიტორიული ზღვა); შ) საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა – საზღვაო რაიონი, რომლის სიგანეც 200 საზღვაო მილია და აითვლება იმ სწორი საწყისი ხაზებიდან, საიდანაც ხდება ტერიტორიული ზღვის ათვლა; ჩ) საქართველოს კონტინენტური შელფი – ზღვის ფსკერი და წყალქვეშა რაიონის წიაღი, კონტინენტის კიდის სახმელეთო ტერიტორიის ბუნებრივი გაგრძელების ჩათვლით, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვრიდან სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების კონტინენტური შელფის გამიჯვნის საზღვრამდე; ც) საქართველოს კონტინენტური შელფის რესურსები – ზღვის ფსკერზე და მის წიაღში არსებული წიაღისეული და სხვა არაცოცხალი რესურსები; ძ) წიაღი – მიწის ზედაპირის ან წყალსატევების (შიდა წყლების, ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ჩათვლით) და კონტინენტური შელფის ფსკერს ქვეშ არსებული ან ზედაპირზე გაშიშვლებული დედამიწის ქერქის ნაწილი, რომლის შესწავლა და გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებებით; წ) სამთო მინაკუთვნი – ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით განსაზღვრული წიაღის უბანი, რომლის ფარგლებშიც წიაღით მოსარგებლეს ეძლევა წიაღით სარგებლობის უფლება. სამთო მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ჭ) გეოლოგიური მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად განსაზღვრული წიაღის ნაწილი, რომელიც გამოიყენება შესაბამისად გეოლოგიური შესწავლის მიზნით. გეოლოგიური მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ხ) მიწის მინაკუთვნი – ამ კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად წიაღით სარგებლობის მიზნით გამოყოფილი ტერიტორია. მიწის მინაკუთვნით სარგებლობის ნებართვა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის განუყოფელი ნაწილია და ავტომატურად გაიცემა ამ ლიცენზიასთან ერთად; ჯ) ხელშეკრულება – სახელმწიფოს და ინვესტორის წერილობითი შეთანხმება ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების პირობების შესახებ. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების პირობებს; ჰ) პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულ ფართობზე, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, ანაზღაურებადი ურთიერთობის საფუძველზე ინვესტორს ენიჭება საქართველოს წიაღში ან/და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიური უფლება. ეს ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას. ინვესტორი იღებს ვალდებულებას, თავისი რისკითა და ხარჯებით, ამ ხელშეკრულების შესაბამისად განახორციელოს ძებნა-ძიებისა და მოპოვების ყველა სამუშაო. სახელმწიფო ამ კანონისა და ხელშეკრულების შესაბამისად იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ინვესტორის მიერ გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების ანაზღაურებას მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებით, ნავთობისა და გაზის აღმოჩენისა და მოპოვების შემთხვევაში; ა.ა) სარისკო მომსახურების ხელშეკრულება – სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორს ენიჭება განსაზღვრული დროის განმავლობაში ფართობზე ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოების წარმოების უფლება; ა.ბ) არსებული ხელშეკრულება – საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე სახელმწიფოს ან/და სახელმწიფოს სახელით ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და ინვესტორს შორის ამ კანონის ამოქმედებამდე დადებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, ან/და სახელმწიფოს სახელით გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია; ა.გ) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო (შემდგომ – სააგენტო), რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას; ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებას, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლებას; ა.ე) ნავთობის ეროვნული კომპანია – საწარმო, რომლის წილის (აქციების) 50%-ზე მეტს ფლობს საქართველოს სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმო და რომელსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი; ა.ვ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული ხარჯები და დანახარჯები – ნავთობისა და გაზის ოპერაციებზე გაწეული დანახარჯები და საექსპლუატაციო ხარჯები, რომელთა განსაზღვრის წესი და პროცედურა დგინდება ხელშეკრულებით; ა.ზ) სამუშაო პროგრამა და ბიუჯეტი – წლიური სამუშაო პროგრამა და მისი განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი; ა.თ) ათვისების გეგმა − ნავთობისა და გაზის საბადოს ან/და ბუნებრივი წყალბადის საბადოს ათვისების გეგმა; ა.ი) ემინენტ დომეინი – აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიწის და მასზე არსებული კერძო საკუთრების დროებით ჩამორთმევა სათანადო ანაზღაურების გადახდით. ემინენტ დომეინი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და ამ კანონის შესაბამისად; ა.კ) არამაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად განკუთვნილ ფართობზე განლაგებული შემკრები და ტექნოლოგიური მილსადენები; ა.ლ) მაგისტრალური მილსადენი – ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი მილსადენი, რომელიც არ არის არამაგისტრალური მილსადენი ან ამ კანონით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება; ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
