„საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 3. საინვესტიციო ფონდები და მათი სახეები
1. საქართველოში ნებადართულია რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების საქმიანობა.
2. კომპანია, რომელიც შეიძლება აწარმოებდეს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის მსგავს საქმიანობას (ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებას), არ შეიძლება ჩაითვალოს საინვესტიციო ფონდად. აღნიშნული ტიპის არარეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შეიძლება შეიქმნას და ფუნქციონირებდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ფორმით, იმის გათვალისწინებით, რომ მას მის სახელწოდებაში სიტყვების „საინვესტიციო ფონდი“ არსებობის შემთხვევაშიც ეკრძალება ამ სახელწოდების რეკლამირება და შესაბამისი მომსახურების გაწევა საზედამხედველო ორგანოში საინვესტიციო ფონდად რეგისტრაციამდე.
3. რეგულირებადი საინვესტიციო ფონდების სახეებია: ა) საპაიო საინვესტიციო ფონდი (რომელიც შეიძლება იყოს ღია, ინტერვალური, დახურული); ბ) გათვითცნობიერებულ (გამოცდილ) ინვესტორთა საინვესტიციო ფონდი (გისფ); გ) სააქციო საინვესტიციო ფონდი (მათ შორის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდი ან კერძო სააქციო ფონდი); დ) სხვა სახის საინვესტიციო ფონდები, რომლებიც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
4. ბანკი, სადაზღვევო კომპანია, საბროკერო კომპანია, საპენსიო სქემა, სამრეწველო ან/და საფინანსო კომპანია, ჰოლდინგი არ არის საინვესტიციო ფონდი.
5. საინვესტიციო ფონდს ეკრძალება სამეწარმეო საქმიანობა, გარდა ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებისა და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებისა. მას არ შეიძლება ჰქონდეს სხვა ქონება, გარდა ფულისა, ფულთან გათანაბრებული აქტივებისა და ფინანსური ინსტრუმენტებისა. ამ პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდზე, რომელიც რეგისტრირებულია იურიდიულ პირად და არის ანგარიშვალდებული კომპანია.
6. საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ფარგლებში ფონდის მონაწილეთა ფინანსური აქტივების ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტირებით და მათთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების განხორციელებით (მათ შორის, დივიდენდებით, საპროცენტო ან სხვა შემოსავლით) წარმოშობილი მოგება ან ზარალი არ არის იმ საინვესტიციო ფონდის მოგება ან ზარალი, რომელიც, ამ კანონის თანახმად, არ არის იურიდიული პირი.
