ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ელექტრონული დოკუმენტი – ელექტრონული ფორმით შენახული ტექსტობრივი, ხმოვანი, ვიზუალური ან აუდიოვიზუალური ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; ბ) მატერიალური დოკუმენტი – ქაღალდის ან სხვა მატერიალური ფორმით წარდგენილი ინფორმაციის ან/და მონაცემთა ერთობლიობა; გ) ხელმომწერი – ფიზიკური პირი, რომელიც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ელექტრონულ დოკუმენტს ელექტრონულად აწერს ხელს; დ) შტამპის დამსმელი – იურიდიული პირი, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტზე ელექტრონულ შტამპს ქმნის. ამ კანონის მიზნებისათვის „იურიდიული პირი“ გულისხმობს აგრეთვე ადმინისტრაციულ ორგანოს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, არარეგისტრირებულ კავშირს, ამხანაგობას; ე) ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება; ვ) ელექტრონული შტამპი – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება; ზ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემები – მონაცემები, რომლებიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესამოწმებლად გამოიყენება; თ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – უნიკალური მონაცემები, რომლებსაც ხელმომწერი/შტამპის დამსმელი ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად იყენებს; ი) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – პროგრამული ან/და აპარატული უზრუნველყოფის საშუალებების ერთობლიობა, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შესაქმნელად გამოიყენება; კ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – უნიკალური ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შემოწმების მონაცემებს ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან აკავშირებს და შეიცავს სულ მცირე ხელმომწერის სახელს ან/და ფსევდონიმს/შტამპის დამსმელის სრულ სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს (ასეთი კოდის არსებობის შემთხვევაში); ლ) განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა – ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ლ.ა) იგი მხოლოდ ხელმომწერთანაა დაკავშირებული; ლ.ბ) მისი მეშვეობით ხელმომწერის დადგენაა შესაძლებელი; ლ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული ხელმოწერის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც ხელმომწერს, მტკიცე რწმუნებით, ერთპიროვნული კონტროლით შეუძლია; ლ.დ) იგი ხელმოწერილ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა; მ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა – განვითარებული ელექტრონული ხელმოწერა, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული; ნ) განვითარებული ელექტრონული შტამპი – ელექტრონული შტამპი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ნ.ა) იგი მხოლოდ შტამპის დამსმელთანაა დაკავშირებული; ნ.ბ) მისი მეშვეობით შტამპის დამსმელის დადგენაა შესაძლებელი; ნ.გ) იგი შექმნილია ელექტრონული შტამპის შექმნის იმ მონაცემების საშუალებით, რომელთა გამოყენებაც შტამპის დამსმელს, მტკიცე რწმუნებით, საკუთარი კონტროლით შეუძლია; ნ.დ) იგი შტამპდასმულ მონაცემებთან ისეა დაკავშირებული, რომ მათი შემდგომი ცვლილების აღმოჩენის შესაძლებლობას იძლევა; ო) კვალიფიციური ელექტრონული შტამპი – განვითარებული ელექტრონული შტამპი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალების გამოყენებით, კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის საფუძველზეა შესრულებული; პ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: პ.ა) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები კონფიდენციალურია. ხელმომწერს/შტამპის დამსმელს უფლება აქვს, ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის მონაცემების მართვის უფლება გადასცეს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელს, რომელიც უფლებამოსილია ამ მონაცემების დუბლირება მხოლოდ მათი სარეზერვო ასლის შესაქმნელად მოახდინოს. კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების მართვის, აგრეთვე ამ მონაცემების სარეზერვო ასლის შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისთვის სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომ – ტექნიკური რეგლამენტი); პ.ბ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები უნიკალურია; პ.გ) ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნისას გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემების გონივრულ ფარგლებში გამოყვანა შეუძლებელია და ელექტრონული ხელმოწერა/ელექტრონული შტამპი არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით საიმედოდაა დაცული გაყალბებისაგან; პ.დ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის შექმნის საშუალებამ არ უნდა შეცვალოს ხელმოსაწერი/შტამპდასასმელი მონაცემები და ხელი არ უნდა შეუშალოს მონაცემების ხელმომწერთან/შტამპის დამსმელთან ხელმოწერამდე/შტამპის დასმამდე წარდგენას; პ.ე) დაკმაყოფილებულია ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული სხვა პირობები; ჟ) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი – ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის სერტიფიკატი, რომელსაც გასცემს კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნებს; რ) დროის აღნიშვნა – ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც ელექტრონულ დოკუმენტს კონკრეტულ დროსთან აკავშირებს და მითითებულ დროს ელექტრონული დოკუმენტის არსებობის დასადასტურებლად გამოიყენება; ს) დროის კვალიფიციური აღნიშვნა – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული დროის აღნიშვნა, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნებს; ტ) სანდო მომსახურება – ელექტრონული მომსახურება, რომლის მიზანია ელექტრონული ხელმოწერის/ელექტრონული შტამპის ან დროის აღნიშვნის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა; უ) კვალიფიციური სანდო მომსახურება – სანდო მომსახურება, რომლის მიზანია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის ან დროის კვალიფიციური აღნიშვნის და მათთან დაკავშირებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/კვალიფიციური ელექტრონული შტამპის სერტიფიკატის შექმნა, შემოწმება, ნამდვილობის დადგენა ან/და შენახვა; ფ) კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებელი – პირი, რომელიც ავტორიზებულია ამ კანონის შესაბამისად და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებული ერთი ან ერთზე მეტი კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდებას; ქ) შინაგანაწესი – კვალიფიციური სანდო მომსახურების მიმწოდებლისათვის შესასრულებლად სავალდებულო საჯარო განაცხადი მის მიერ მომსახურების მიწოდების წესის შესახებ; ღ) მტკიცე რწმუნება – ობიექტური გარემოებების, ფაქტების ან/და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც იძლევა საკმარის საფუძველს იმაში დასარწმუნებლად, რომ განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის შექმნის მონაცემები გამოიყენება ხელმომწერის ერთპიროვნული კონტროლით, ხოლო განვითარებული ელექტრონული შტამპის შექმნის მონაცემები – იურიდიული პირის კონტროლით.
ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხირას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი
ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი
კონსულტაცია: ₾200

ლიანა ზაგაშვილი
ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი
კონსულტაცია: ₾200-დან

დავით მაისურაძე
იურისტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნინო ბაზიკოშვილი
იურისტი, კონსულტანტი
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
ავთანდილ კუჭავა
CEO
კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

