1.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში (მათ შორის, საკუთრების, იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით) არსებული განახლებადი ენერგიის წყაროს, რომელიც უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, საცალო მომხმარებლის შიდა ქსელზე ან უშუალოდ გამანაწილებელ ქსელზე დაერთებით. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს. დაუშვებელია პირი ერთდროულად სარგებლობდეს როგორც მიკროსიმძლავრის, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსით.
2.საცალო მომხმარებელი ან საცალო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია, მის/მათ მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ ქსელს. საცალო მომხმარებლის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელ სიმძლავრეს, ხოლო საცალო მომხმარებელთა ჯგუფის მფლობელობაში არსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე – გამანაწილებელ ქსელთან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ჯამურ მისაერთებელ სიმძლავრეს.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებას და ელექტროენერგიის მწარმოებელთან ურთიერთობა აწარმოოს კანონმდებლობისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
4.მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელში ჩართვის შესაძლო სქემებია: ა) სინქრონული – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მუშაობს გამანაწილებელი ქსელთან სინქრონულ რეჟიმში; ბ) ინვერტორი – როდესაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გამანაწილებელ ქსელთან მიერთებულია გამმართველი-ინვერტორის საშუალებით.
4¹.საცალო მომხმარებელი ან მომხმარებელთა ჯგუფი და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური უნდა იყვნენ ერთი და იმავე განაწილების ლიცენზიატის ქსელზე მიერთებული. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის, საცალო მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მრიცხველი წარმოადგენს საცალო მომხმარებლის ან ამ მომხმარებელთა ჯგუფის ელექტროენერგიის მოხმარების ადგილს. მომხმარებლის ან მომხმარებელთა ჯგუფის ყველა წევრის მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა უნდა ხდებოდეს ერთსა და იმავე დღეს.
4².მომხმარებელთა ჯგუფის მიერ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, მომხმარებელთა ჯგუფთან ანგარიშსწორება ხდება თითოეულ მომხმარებელსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურთან მოწყობილი ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძების მეშვეობით, ისე, რომ ჯგუფის ყველა წევრის მიერ მოხმარებული და წარმოებული კილოვატსაათების დარიცხვა განხორციელდეს ერთსა და იმავე დღეს აღებული მონაცემების საფუძველზე. აღნიშნული აღრიცხვის კვანძები წარმოადგენს ამ მომხმარებელთა ჯგუფის საანგარიშსწორებო აღრიცხვის კვანძებს, ხოლო ამ მომხმარებლებზე ქვითარი გამოიწერება ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენებაზე დაყრდნობით.
5.განაწილების ლიცენზიატის ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე არ შეიძლება აღემატებოდეს შესაბამის განაწილების ლიცენზიატის გამანაწილებელ ქსელში პიკური დატვირთვის 2 პროცენტს. განაწილების ლიცენზიატის წლიური პიკური დატვირთვა განისაზღვრება საანგარიშო წლის წინა წლის მონაცემების საფუძველზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კომისიას, თუ მის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე მიაღწევს ამ პუნქტით დადგენილ ზღვარს.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისათვის, განაწილების ლიცენზიატმა ყოველწლიურად უნდა წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მაქსიმალური პიკური დატვირთვის შესახებ, ქსელში მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრისა და დარჩენილი (თავისუფალი) სიმძლავრის თაობაზე. განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია ასევე გამოაქვეყნოს ვებ-გვერდზე.
6¹.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მოვლა-პატრონობის მიზნით უფლება აქვთ შექმნან გაერთიანება (კავშირი), ისე, რომ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მფლობელობაში არ გადაეცეს ამ კავშირს.
7.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელს გაუწიოს ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებით ტექნიკური, სამართლებრივი ან/და სხვა სახის კონსულტაცია. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 10.05.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის დადგენილება №17- ვებგვერდი, 27.07.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 14 მარტის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 18.03.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 26.06.2020 წ.

