1.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
2.ეს წესები და მისი შესაბამისი ხელშეკრულება ელექტროენერგიის მომხმარებელისთვის წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.
3.ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4.განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
5.ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
6.განაწილების ლიცენზიატს უფლება არა აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.
6¹.მომხმარებელს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს განაწილების ლიცენზიატს იურიდიულ მისამართზე და მომსახურების ცენტრებში (სამუშაო საათებში), ასევე ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით (24 საათის განმავლობაში). მომხმარებელი, ასევე უფლებამოსილია განაწილების ლიცენზიატს მიმართოს სსიპ „იუსტიციის სახლში“ განცხადების ჩაბარებით (კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს აღნიშნული განცხადებების კატეგორიებს). ასეთ შემთხვევაში, განაწილების ლიცენზიატის მიერ განცხადება მიღებულად ჩაითვლება სსიპ – „იუსტიციის სახლის“ მიერ ამ განცხადების განაწილების ლიცენზიატისათვის გადაგზავნის მომენტიდან.
6².განაწილების ლიცენზიატმა უნდა უზრუნველყოს მის მომსახურების ცენტრებში იმ წარმომადგენელთა შესაბამისი ნიშნით იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ მომხმარებელთან. მომხმარებელს ასევე უნდა მიეცეს განაწილების ლიცენზიატის მომსახურების ცენტრების იდენტიფიცირების შესაძლებლობა (მათ შორის, ვიზუალური ნიშნებით).
7.განაწილების ლიცენზიატმა მომხმარებლის განცხადებას დასაბუთებული პასუხი უნდა გასცეს განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის (უარის) შემთხვევაში, განმცხადებელს უნდა გაეგზავნოს დასაბუთებული პასუხი, ხოლო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომხმარებლის განცხადებაზე არ არის აუცილებელი დასაბუთებული პასუხის გაცემა, თუ: ა) ამ მოთხოვნაზე მოხდა სათანადო რეაგირება, რასაც მომხმარებელი ადასტურებს შესაბამის აქტზე ან/და ხელშეკრულებაზე ხელმოწერით; ბ) განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს მიეწოდა ტექსტური შეტყობინებით (ამ მუხლის 7 2 პუნქტის პირობის შესრულების შემთხვევაში). 7 1. წერილობითი ან ელექტრონული ფორმით შეტანილ განაცხადზე განმცხადებელს პასუხი უნდა გაეგზავნოს იმავე ფორმით, რა ფორმითაც მოხდა აღნიშნული განაცხადის მიღება (თუ განმცხადებლის მიერ პასუხის სხვა ფორმა არ არის მოთხოვნილი).
7².განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილების შესახებ ტექსტური შეტყობინება უნდა შეიცავდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მოკლე ინფორმაციას, განაცხადის რეგისტრაციის ნომერსა და თარიღს, ასევე: ა) აბონენტის რეგისტრაციის (ან შეცვლის) შემთხვევაში – აბონენტის ნომერს, რეგისტრირებული მომხმარებლის სახელსა და გვარს (ან დასახელებას); ბ) აქტის შედგენის შემთხვევაში – აქტის ნომერსა და შედგენის თარიღს; გ) მრიცხველის დაყენების შემთხვევაში – მრიცხველის ჩვენებასა და თარიღს; დ) ხელშეკრულების/შეთანხმების გაფორმების საჭიროების შემთხვევაში – მომსახურებაზე შეთავაზებულ ღირებულებას, შესრულების ვადასა და ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული პირობების ელექტრონულ მისამართს.
8.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია შეიმუშაოს და მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი გახადოს სხვადასხვა მოთხოვნის შესახებ განცხადების, ამ წესების შესაბამისი ტიპური ფორმები (მომხმარებელთაგან მრავალგზის შესული განცხადებების მიხედვით).
9.ამ წესების მიზნებისათვის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი – ფიზიკური პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი – საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა საცალო მომხმარებელი.
10.ამ წესებში მითითებული ვადების ათვლა ხდება იმავე წესითა და პირობებით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. სამუშაო დღე – გულისხმობს კალენდარული დღეს, რომელიც არ წარმოადგენს შაბათს, კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2011 წლის 16 ნოემბრის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 21.11.2011 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 26 სექტემბრის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 28.09.2012 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 25 სექტემბრის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 02.10.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2015 წლის 24 დეკემბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 30.12.2015 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №14 - ვებგვერდი, 30.08.2016 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 19 აპრილის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 20.04.2017 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.08.2018 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 27 ივნისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 28.06.2019 წ.


