1. საჯარო შეთავაზება ხორციელდება მხოლოდ ემიტენტის მიერ ამ კანონისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების მოთხოვნათა დაცვით მომზადებული და დამტკიცებული ემისიის პროსპექტის გამოქვეყნებისთანავე ან მისი გამოქვეყნების შემდეგ.
2. ემიტენტი საჯარო შეთავაზებისათვის განკუთვნილი ფასიანი ქაღალდების ემისიის პროსპექტის დასამტკიცებლად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართავს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს, რომლებიც საჯარო შეთავაზების განაცხადად მიიჩნევა: ა) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შედგენილ განაცხადს; ბ) წინასწარი პროსპექტის 3 ასლს, რომელიც ხელმოწერილია ემიტენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, თუ ემიტენტი საწარმოა, ხოლო სხვა ემიტენტის შემთხვევაში – იმ პირების მიერ, რომლებიც კანონით ემიტენტის მართვისთვის პასუხისმგებლებად არიან აღიარებული (პასუხისმგებელი პირები). წინასწარი პროსპექტი შეიცავს: ბ.ა) ემიტენტის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, მის სახელწოდებას (დასახელებას), მისამართსა და დაარსების თარიღს, განთავსებული ფასიანი ქაღალდების (მათი არსებობის შემთხვევაში) რაოდენობასა და კლასს; ყოველი მფლობელის სახელს, რომელიც აკონტროლებს ემიტენტს; თუ ემიტენტი საწარმოა – მისი მმართველი ორგანოს წევრთა სახელებს, საქართველოში ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სახელს, რომლის სისტემაშიც განხორციელდება ფასიანი ქაღალდების ემისია; ინფორმაციას ზემოაღნიშნული პირების შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ; ბ.ბ) ბოლო 2 წლის განმავლობაში ემიტენტის საქმიანობის დახასიათებას და ამ საქმიანობასთან დაკავშირებულ შესაძლო ძირითად რისკებს. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში ახორციელებს, ამ პუნქტში აღნიშნულ ინფორმაციას იგი წარადგენს დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისათვის; ბ.გ) აუდიტორის მიერ დადასტურებულ ინდივიდუალურ ფინანსურ ანგარიშებს, ხოლო არსებობის შემთხვევაში – კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშებს ბოლო 2 სამეურნეო წლისთვის, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. თუ ემიტენტი საქმიანობას 2 წელზე ნაკლები დროის განმავლობაში ახორციელებს, იგი ამ პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას დაარსებიდან განაცხადის წარდგენამდე პერიოდისთვის წარადგენს; ბ.დ) გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაციას, კერძოდ: ბ.დ.ა) ინფორმაციას გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების კლასისა და საორიენტაციო რაოდენობის შესახებ; ბ.დ.ბ) ხელმოწერის პროცედურის დეტალებს, ხოლო თუ საბროკერო კომპანიამ ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურმა ინსტიტუტმა ხელი მოაწერა ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულებას და დათანხმდა, შეესყიდა ფასიანი ქაღალდების მთელი ემისიის ნაწილი – ასეთი გარიგების მიახლოებით დეტალებს; ბ.დ.გ) იმის შესახებ ინფორმაციას, ხდება თუ არა ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სახელით ფასიანი ქაღალდების შეთავაზება, ხოლო ასეთი შეთავაზების შემთხვევაში – მათ სახელებს და თითოეული მათგანის მიერ შეთავაზებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობას; ბ.დ.დ) სასესხო ფასიანი ქაღალდისათვის პროცენტის გაანგარიშების მეთოდს, თუ ფასიანი ქაღალდი პროცენტიანია; ინფორმაციას ფასიანი ქაღალდის ვადისა და ნებისმიერი ნებადართული დაფარვის პირობების შესახებ; ბ.დ.ე) ინფორმაციას შეთავაზების შედეგად მიღებული შემოსავლების სავარაუდო გამოყენების შესახებ.
სამართლებრივი რუკა
დააწკაპუნე გასახსნელად
მითითებამნიშვნელობით ახლოსფასიანი ქაღალდების ბაზ…პირების და მათი მმართვ…რეკლამის შესახებ
ინფორმაციული მიზნით — არ არის იურიდიული რჩევა.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ინფორმაციის წარდგენის გამარტივებული მოთხოვნები, აგრეთვე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, სხვა ინფორმაციის მიწოდებისთვის, გამოშვებული თუ გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობების, ემიტენტის ტიპის, სასესხო ფასიანი ქაღალდების ვადიანობის მიხედვით. 3 1 . რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისგან, თუ ეს აუცილებელია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.
4. თუ ემიტენტი ანგარიშვალდებული საწარმოა და მას ბოლო 2 წლის განმავლობაში წარდგენილი აქვს ყველა აუცილებელი ანგარიში, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია, თავის მიერ დადგენილი წესების მიხედვით, არ მოითხოვოს სრული ემისიის პროსპექტის წარდგენა ან მოითხოვოს ემისიის პროსპექტისათვის საჭირო ინფორმაციის ნაწილის წარდგენა.
5. თუ ემისიის პროსპექტისთვის აუცილებელი ინფორმაცია უკვე წარედგინა საქართველოს ეროვნულ ბანკს, იგი შეიძლება ემისიის პროსპექტში ჩართულ იქნეს მასზე მითითების სახით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.
6. ემიტენტს, რომლის ფასიანი ქაღალდები განთავსებულია უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟათაგან ერთ-ერთზე მაინც, უფლება აქვს, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ემისია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განახორციელოს.
7. შეთავაზების განაცხადის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენიდან 15 დღის ვადაში საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს მას და თუ: ა) მიიჩნევს, რომ წინასწარი პროსპექტი არ შეესაბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ემიტენტს უგზავნის წერილობით პასუხს, რომლითაც მოსთხოვს დამატებით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა წარდგენილი ინფორმაციის განმარტებისა და დაზუსტებისათვის, ან/და ემიტენტს მოსთხოვს წინასწარ პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას. აღნიშნულ ნაკლოვანებათა გამოსწორების შემდეგ ემიტენტს შეუძლია წარადგინოს შეთავაზების განაცხადის შესწორებები. ეს შესწორებები ხელახლა განიხილება; ბ) დაამტკიცებს ემისიის პროსპექტს, ემიტენტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში აძლევს მას წერილობით თანხმობას ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; გ) მიიჩნევს, რომ წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონს ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, ანდა თუ ემიტენტი უარს ამბობს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების, მონაცემების ან ახსნა-განმარტებების წარდგენაზე, უფლებამოსილია წერილობით უარი განაცხადოს ემისიის პროსპექტის დამტკიცებაზე; დ) ემიტენტს არ მიეწოდა ინფორმაცია წერილობით ამ პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 15 დღის გასვლის შემდეგ ემისიის პროსპექტი დამტკიცებულად მიიჩნევა.
8. საბოლოო პროსპექტში მითითებული მიმდინარე ფინანსური ინფორმაცია 18 თვეზე უფრო ადრინდელი არ უნდა იყოს. ტექსტში მოცემული აღწერა შესაძლო უახლეს თარიღს უნდა შეესაბამებოდეს.
9. შეთავაზების განაცხადის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს წინასწარი პროსპექტის დამტკიცებიდან 10 დღისა ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული მეტი დროის განმავლობაში, ემიტენტმა საქართველოს ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შეთავაზების პირობების დოკუმენტის 3 ეგზემპლარი, რომელიც განიხილება შეთავაზების განაცხადის განხილვისთვის ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
10. საქართველოს ეროვნული ბანკისთვის შეთავაზების პირობების დოკუმენტის წარდგენა არ უნდა იქნეს მიჩნეული ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით შეტანილ შესწორებებად.
11. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება ადასტურებს, რომ ემიტენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია შეესაბამება ამ კანონსა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს, მაგრამ ის არ ადასტურებს განცხადებული ინფორმაციის სისწორეს. ამასთანავე, იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციად. ყოველი წინასწარი, დამტკიცებული და საბოლოო პროსპექტის წინა გვერდზე მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემდეგი სიტყვები: „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემისიის პროსპექტის დამტკიცება შეეხება პროსპექტის ფორმას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც დასკვნა მისი შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ“.
12. გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის ან განუცხადებლობისათვის ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მითითებისათვის ამ კანონის შესაბამისად პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს შემდეგ პირებს: ა) ემიტენტს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, რომლებმაც პროსპექტს ხელი მოაწერეს სოლიდარულად; ბ) ყოველ საბროკერო კომპანიასა და ბროკერს ან შესაბამისი ლიცენზიის მქონე ფინანსურ ინსტიტუტს, რომლებიც მოქმედებენ ემიტენტის სახელით, ფასიანი ქაღალდების შეთავაზების ხელშეკრულების საფუძველზე; გ) ყოველ აუდიტორსა თუ სხვა ექსპერტს, რომელმაც განაცხადა თანხმობა მის, როგორც ემისიის პროსპექტის ნაწილის ავტორის, მოხსენიებაზე – ემისიის პროსპექტის მის მიერ მომზადებულ ნაწილში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემისათვის ან გამოტოვებისათვის.
13. არცერთი პირი, გარდა ემიტენტისა, არ არის პასუხისმგებელი ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, თუ ემისიის პროსპექტში მითითებულია ამის შესახებ ან თუ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ: ა) იგი საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლამდე გადადგა ან შეწყვიტა საბოლოო პროსპექტში მითითებული ის ურთიერთობები, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ან საქმიანობაზე თანხმობას, და ამის თაობაზე მან წინასწარ წერილობით შეატყობინა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ემიტენტს; ბ) საბოლოო პროსპექტის შესაბამისი ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად, მან ამ ფაქტის აღმოჩენისთანავე, დაუყოვნებლივ შეატყობინა ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით და გაზეთში გამოაქვეყნა წერილობითი განცხადება, რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი ძალაში შევიდა მასთან შეუთანხმებლად; გ) საბოლოო პროსპექტის ამა თუ იმ ნაწილთან დაკავშირებით, სათანადო გამოკვლევის შემდეგ მას ჰქონდა საფუძველი მიეჩნია და მიიჩნია კიდეც, რომ საბოლოო პროსპექტის ძალაში შესვლისას მითითებული მონაცემები სწორი იყო, ან რომ საბოლოო პროსპექტის ეს ნაწილი სწორად არ ასახავს შესაბამისი პირის განცხადებას ანდა არ არის მის მიერ მომზადებული ანგარიშის ზუსტი ასლი თუ ნაწილი.
14. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ბათილია ხელშეკრულება, რომელიც ზღუდავს ამ მუხლში აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობას (თუ ამის შესახებ მითითებული არ არის ემისიის პროსპექტის გარეკანზე), თუ ემისიის პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემის ან გამოტოვების გამო აქციის მფლობელი დაზარალდა. ემიტენტი, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, პასუხისმგებელია საჯარო შეთავაზებით გაყიდული ფასიანი ქაღალდების შემძენ პირთა წინაშე იმ ზარალისათვის, რომელიც წარმოიქმნა მათი შეძენის შედეგად და გამოწვეულია დამტკიცებულ პროსპექტში ან საბოლოო პროსპექტში არსებითი მოვლენის არასწორად გადმოცემით ან განუცხადებლობით. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სხვა პირები ანალოგიურად პასუხისმგებელი არიან ასეთივე მყიდველთა წინაშე ამ ზარალისათვის, თუ მათ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად. იმ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, რომელთა საჯარო შეთავაზებაც ამ მუხლის პირველი პუნქტის ან ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით განხორციელდა, შეიძლება გაუქმდეს მყიდველის მოთხოვნით, რაც დაექვემდებარება ისეთ პროცედურულ და დროით შეზღუდვებს, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესებით.
15. საქართველოს ეროვნული ბანკი საბოლოო პროსპექტის საფუძველზე რეგისტრაციაში ატარებს ფასიან ქაღალდებს და მის მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული პროცედურის მიხედვით ანიჭებს მათ საიდენტიფიკაციო ნომერს. საქართველოს 2003 წლის 18 ივლისის კანონი №2503-სსმI, №22, 08.08.2003წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1903 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5668 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 29 ივნისის კანონი №6673 – ვებგვერდი, 07.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3714 – ვებგვერდი, 07.12.2023წ.