ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) აგროტურიზმი − ტურიზმის მიმართულება, რომელიც ხორციელდება ფერმერულ მეურნეობაში და მოიცავს ტურისტების მიღებას, კვებას, მათთვის სოფლური ცხოვრების წესის, კულტურის, ადგილობრივი ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობას, ტურისტების ჩართვას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათთვის ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებას და ტურიზმსა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელებას; ბ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); გ) გადაყიდვის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოვაჭრე საფასურის სანაცვლოდ მომხმარებელს ეხმარება დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტის ყიდვა-გაყიდვაში; დ) გამყვანი ტურიზმი − მოქალაქის/რეზიდენტის მოგზაურობა უცხო ქვეყანაში (საკუთარი ქვეყნის ფარგლების გარეთ); ე) განთავსების საშუალება − ტურისტული მომსახურების ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ტურისტისთვის არანაკლებ 1 ღამის გასათევად; ვ) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებები − გარემოებები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ამ გარემოებების გამომწვევი პირი და რომელთა შედეგების თავიდან აცილება ყველა მიზანშეწონილი ღონისძიების განხორციელების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია; ზ) გაცვლის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ უერთდება გადაცვლის სისტემას, რაც მას უფლებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს განთავსების საშუალებაზე ან სხვა მომსახურებაზე, რის სანაცვლოდაც იგი სხვა პირებს გადასცემს მომხმარებლის დროის განაწილების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებებით მიღებულ შეღავათებზე დროებითი წვდომის უფლებას; თ) გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა 1 წელს აღემატება და რომლის თანახმადაც, მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ განთავსების საშუალებასთან დაკავშირებით იძენს ფასდაკლების ან სხვა შეღავათების მიღების უფლებას, ცალკე ან ტურისტულ მომსახურებასთან ან სხვა მომსახურებასთან ერთად; ი) დაკავშირებული ტურისტული მომსახურება − არანაკლებ ორი სხვადასხვა სახის ტურისტული მომსახურება, რომლებიც შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ფარგლებში, არ შეადგენს პაკეტს და რომელთა მისაღებად იდება ცალკე ხელშეკრულებები ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ი.ა) მოვაჭრე უზრუნველყოფს ტურისტის ერთ ვიზიტს ან კავშირს ტურისტული მომსახურების რეალიზაციის პუნქტთან, ტურისტის მიერ თითოეული მომსახურების ცალ-ცალკე შერჩევას და შესაბამისი საფასურის ცალ-ცალკე გადახდას; ი.ბ) მოვაჭრე მიზანმიმართულად უზრუნველყოფს სხვა მოვაჭრისგან სულ მცირე ერთი დამატებითი ტურისტული მომსახურების შეძენას, თუ ხელშეკრულება ამ სხვა მოვაჭრესთან დადებულია პირველი ტურისტული მომსახურების დაჯავშნის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში; ი.გ) ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ ან „ჰ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ტურისტული მომსახურება გაერთიანებულია ამავე მუხლის „ჰ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ერთ ან ერთზე მეტ ტურისტულ მომსახურებაში, რომელიც (რომლებიც) ტურისტული მომსახურების საერთო ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტს შეადგენს და რეკლამირებული არის, როგორც მოგზაურობის ან დასვენების არსებითი ელემენტი, და სხვაგვარად არ წარმოადგენს მოგზაურობის ან დასვენების არსებით ელემენტს; კ) დამხმარე ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი სარგებლობს მომსახურებებით, რომლებიც დაკავშირებულია დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან და რომელთა განხორციელებას უზრუნველყოფს მოვაჭრე ან მესამე მხარე ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე; ლ) დროის განაწილება − რამდენიმე მფლობელის ან მომხმარებლის მიერ უძრავი ქონებით ერთობლივი სარგებლობა, რომლებსაც უფლება აქვთ, გამოიყენონ უძრავი ქონება, როგორც განთავსების საშუალება, დროის განაწილების წინასწარ განსაზღვრული სქემით; მ) დროის განაწილების ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 წელზე მეტი ვადით და რომლის თანახმადაც, მომხმარებელი საფასურის გადახდის სანაცვლოდ იძენს უფლებას, განთავსების საშუალება გამოიყენოს 1 ღამით ან 1-ზე მეტი ღამით ერთზე მეტი სარგებლობის პერიოდით; ნ) ეკოტურიზმი − ბუნებისა და ბუნებრივ არეალში ტრადიციული კულტურებისა და საქმიანობების შეცნობა, შეფასება ან/და ამ მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება; ო) ექსკურსია − გამყოლის ან ტურისტული გიდის ხელმძღვანელობით მოგზაურობა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით. მისი ხანგრძლივობა 24 საათს არ აჭარბებს; პ) ვიზიტორი − ტურიზმის სტატისტიკის მიზნებისთვის მოგზაური, რომელიც მოგზაურობს მთავარი დანიშნულების ადგილისკენ ჩვეული გარემოს გარეთ 1 წელზე ნაკლები დროით და ნებისმიერი მთავარი მიზნით (ბიზნესი, დასვენება ან სხვა, პირადი მიზანი), გარდა დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე არსებულ დაწესებულებაში დასაქმებისა. ვიზიტორი მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით არის ტურისტი ან ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსანტი), კერძოდ: პ.ა) ტურისტი − ვიზიტორი, რომელიც მოგზაურობს ბიზნესის, დასვენების ან სხვა, პირადი მიზნებით, სულ მცირე ღამის თევით და არაუმეტეს 1 წლით, გარდა დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე არსებულ დაწესებულებაში დასაქმებისა. ამ კანონის IV თავის მიზნებისთვის ტურისტი არის პირი, რომელსაც სურს ხელშეკრულების დადება ან უფლება აქვს, იმოგზაუროს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; პ.ბ) ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსანტი) − ვიზიტორი, რომლის მოგზაურობა არ მოიცავს ღამის თევას; ჟ) ინკლუზიური ტურიზმი − ტურიზმის მიმართულება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შორის უნივერსალური დიზაინის გამოყენებით არსებით თანასწორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პროცესია. იგი მოიცავს მობილობის, სმენის, მხედველობისა და მისაწვდომობის კოგნიტურ შემადგენელს ფუნქციურად დამოუკიდებელი და თანასწორად მისაწვდომი ტურისტული პროდუქტის, მომსახურებისა და ფიზიკური გარემოს მიწოდებით; რ) კურორტი − საკურორტო ადგილი, რომელზედაც განთავსებულია საკურორტო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა; ს) რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება − მოგზაურობისას რისკის შემცველი აქტივობა, რომელიც ხორციელდება მიწაზე, წყალში, ჰაერში, სხვადასხვა რელიეფისა და კლიმატური ზონის, უჩვეულო, ეგზოტიკურ, მოშორებულ, დაუსახლებელ (მიუვალ) ადგილას ან სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ არეალში და შეიცავს მომხმარებლების დაზიანებისა და ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე სხვა საფრთხეებს; ტ) მოვაჭრე − პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს და ამ კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებში მონაწილეობს, როგორც ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი; უ) ტურისტული პაკეტის დაწყება − ტურისტული პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებების განხორციელების დაწყება; ფ) რეპატრიაცია − ტურისტის დაბრუნება გამგზავრების ადგილზე ან ნებისმიერ ადგილზე, რომლის შესახებაც ტურისტული პაკეტის ან/და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან; ქ) რელიგიური ტურიზმი − რელიგიური მიზნით მოგზაურობა, წმინდა ადგილების მონახულება, მომლოცველობა; ღ) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); ყ) საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი გამოყენებისთვის და არ გააჩნია საკურორტო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა; შ) საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით; ჩ) საკურორტო საქმიანობის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საკურორტო საქმიანობას ახორციელებს; ც) (ამოღებულია - 28.05.2026, №1630); ძ) სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს; წ) საფეხმავლო გამყოლი − ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფეხმავლო გამყოლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს ტურისტების მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ეს მომსახურება არ მოიცავს ამ მუხლის „ღ“ და „ც“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებს; ჭ) ტერიტორიული კომპეტენციები − გეოგრაფიული ადგილის რელიეფის სირთულე, სიმაღლე ზღვის დონიდან, დახრილობა, რელიეფზე გადაადგილების ტექნიკური უნარები, გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობა, გამყოლობის ტექნიკა, საფრთხეებისა და რისკების ხარისხი; ხ) ტურისტული მომსახურების რეალიზაციის პუნქტი − ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების რეალიზაციისთვის განკუთვნილი ნებისმიერი მოძრავი ქონება ან უძრავი ქონება, ვებგვერდი ან მსგავსი ონლაინგაყიდვების საშუალება, აგრეთვე სატელეფონო მომსახურება. თუ ვებგვერდი ან ონლაინგაყიდვების საშუალება წარმოდგენილია, როგორც ერთიანი პლატფორმა, იგი გაყიდვის ერთიანი პუნქტია; ჯ) ტურისტული გიდი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სწორ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსების დაცვის ნორმების გაცნობას; ჯ 1 ) ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზა − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოებული ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების ელექტრონული ბაზა; ჰ) ტურისტული მომსახურება − ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ მოგზაურობის დროს ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მომსახურება. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ტურისტის ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობისას. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიზნებისთვის ტურისტული მომსახურებებია: ჰ.ა) ტურისტის ტრანსპორტირება; ჰ.ბ) განთავსების მომსახურება, რომელიც ტურისტის ტრანსპორტირების შემადგენელი ნაწილი არ არის და განკუთვნილი არ არის საცხოვრებელი მიზნებისთვის; ჰ.გ) ავტომობილის, სხვა ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების (რომელიც არანაკლებ 25 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება, ან მოტოციკლის, რომლის მართვა A კატეგორიის მართვის მოწმობას მოითხოვს) გაქირავება; ჰ.დ) ნებისმიერი სხვა ტურისტული მომსახურება, რომელიც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ და „ჰ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ტურისტული მომსახურებების ნაწილი არ არის; ჰ 1 ) ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) − პირი, რომელიც ყიდის ან გასაყიდად სთავაზობს როგორც ტუროპერატორის მიერ შექმნილ ტურისტულ პაკეტს, ისე ცალკეულ ტურისტულ მომსახურებებს; ჰ 2 ) ტურიზმი − ადამიანების თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება საცხოვრებელი ადგილის ფარგლების გარეთ დასვენების, გაჯანსაღების, კულტურული და შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილების, პირადი, საქმიანი ან/და პროფესიული მიზნით, რომელიც დაკავშირებული არ არის დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე ანაზღაურებად საქმიანობასთან; ჰ 3 ) ტურისტული პაკეტი (შემდგომ – პაკეტი) − ორი ან ორზე მეტი სხვადასხვა ტურისტული მომსახურების ერთობლიობა, რომლებიც განკუთვნილია ერთი მოგზაურობისთვის, თუ სრულდება ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ ან „ჰ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება გაერთიანებულია ამავე მუხლის „ჰ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ერთ ან ერთზე მეტ ტურისტულ მომსახურებაში, თუ ეს ტურისტული მომსახურება (მომსახურებები) არ შეადგენს ტურისტული მომსახურებების ჯამური ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტს, რეკლამირებული არ არის და არც სხვა მხრივ არის ტურისტული მომსახურებების ერთობლიობის არსებითი ნაწილი ან არჩეული და შეძენილია მას შემდეგ, რაც ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ ან „ჰ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურების განხორციელება დაწყებულია. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია შემდეგი პირობები: ჰ 3 .ა) ტურისტული მომსახურებები ერთმა მოვაჭრემ გააერთიანა, მათ შორის, ტურისტის მოთხოვნით ან მისი შერჩევით, ყველა მომსახურებისთვის ერთი ხელშეკრულების გაფორმებამდე; ჰ 3 .ბ) ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებთან დადებულია ან დადებული არ არის ცალკე ხელშეკრულებები და ტურისტული მომსახურებები აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ჰ 3 .ბ.ა) შეძენილია გაყიდვის ერთ პუნქტში და ტურისტული მომსახურებები შეირჩევა მანამ, სანამ ტურისტი თანხმობას განაცხადებს თანხის გადახდაზე; ჰ 3 .ბ.ბ) შეთავაზებულია, იყიდება ან ანგარიშსწორება ხდება ჯამური ღირებულების სანაცვლოდ; ჰ 3 .ბ.გ) რეკლამირებულია ან იყიდება „პაკეტის“ ან მსგავსი ტერმინის გამოყენებით; ჰ 3 .ბ.დ) გაერთიანებულია იმ ხელშეკრულების დადების შემდეგ, რომლის საფუძველზედაც მოვაჭრე ტურისტს ანიჭებს უფლებამოსილებას, სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას შორის გააკეთოს არჩევანი; ჰ 3 .ბ.ე) შეძენილია სხვადასხვა მოვაჭრისგან ერთმანეთთან დაკავშირებული ონლაინდაჯავშნის პროცედურით, თუ მოვაჭრე, რომელთანაც დადებულია პირველი ხელშეკრულება, სხვა მოვაჭრეს/მოვაჭრეებს აცნობებს ტურისტის სახელს, გადახდის დეტალებსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს და ამ უკანასკნელ მოვაჭრესთან/მოვაჭრეებთან იდება ხელშეკრულება პირველი ტურისტული მომსახურების დაჯავშნის დადასტურებიდან არაუგვიანეს 24 საათისა; ჰ 4 ) ტურისტული პაკეტის ხელშეკრულება − პაკეტის შესახებ ერთიანი ხელშეკრულება ან, თუ პაკეტი წარმოდგენილია ცალკეული ტურისტული მომსახურებების ხელშეკრულებებით, ამ ხელშეკრულებების ერთობლიობა; ჰ 5 ) ტუროპერატორი − პირი, რომელიც ქმნის და ყიდის (ან გასაყიდად სთავაზობს) პაკეტს თვითონ ან ტურისტული სააგენტოს (ტურაგენტის) მეშვეობით ან მასთან ერთად ან ტურისტის შესახებ მონაცემებს აწვდის ტურისტული მომსახურების სხვა მიმწოდებელს ამ პირის თანხმობით, ამ მუხლის „ჰ 3 .ბ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად; ჰ 6 ) უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მათზე წვდომის საშუალებას სპეციალური ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების გარეშე. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას; ჰ 7 ) ქცევის კოდექსი − შეთანხმება ან წესი, რომელიც კანონით შესასრულებლად სავალდებულო არ არის და ადგენს იმ მოვაჭრის ქცევას, რომელიც ქცევის კოდექსით ივალდებულებს თავს ერთი ან ერთზე მეტი კომერციული საქმიანობის სფეროში; ჰ 8 ) შიდა ტურიზმი − საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტი პირების საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა; ჰ 9 ) შემომყვანი ტურიზმი − არარეზიდენტი პირების საქართველოს ფარგლებში მოგზაურობა; ჰ 10 ) შეუსაბამობა − პაკეტით გათვალისწინებული ტურისტული მომსახურებების შესრულების შეუძლებლობა ან არასათანადო შესრულება; ჰ 11 ) ღვინის ტურიზმი − ტურიზმის მიმართულება, რომლის განხორციელების დროსაც მოგზაურობის ძირითადი მიზანია ვენახებისა და მევენახეობის ტრადიციების, ღვინის ქარხნების, ენოთეკებისა და მარნების, ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საშუალებებისა და ობიექტების გაცნობა, აგრეთვე სხვადასხვა ჯიშისგან დამზადებული ღვინოების წარმოების ადგილზე შეძენა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ ტრადიციულ დღესასწაულებსა და საქმიანობაში მონაწილეობა; ჰ 12 ) ხანგამძლე მატარებელი − ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის, ელექტრონული ინსტრუმენტი), რომელიც ტურისტს/მომხმარებელსა და მოვაჭრეს საშუალებას აძლევს, პირადად მათთვის მიწოდებული ინფორმაცია მისი გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში შეინახონ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა. საქართველოს 2025 წლის 14 მაისის კანონი №580 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1630 – ვებგვერდი, 29.05.2026წ. თავი II ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკა, ტურისტული საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება
