1.შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს, თუ: ა) კანდიდატი/პრეტენდენტი შავ სიაშია რეგისტრირებული; # ბ) არსებობს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საფუძველი; გ) კანდიდატის/პრეტენდენტის მიმართ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, შეჩერდა ან შეწყდა მისი საქმიანობა, დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი ან იგი ლიკვიდირებულ იქნა/გარდაიცვალა (თუ კანდიდატი/პრეტენდენტი ფიზიკური პირია); დ) კანდიდატს/პრეტენდენტს საგადასახადო დავალიანება აქვს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე) კანდიდატის/პრეტენდენტის მიმართ ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი არსებობს და იგი იმავე მუხლით გათვალისწინებული ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებითაც ვერ იქნება თავიდან აცილებული; ვ) არსებობს ეკონომიკური ოპერატორის ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები და დისკვალიფიკაცია სხვა, ნაკლებად შემზღუდავი გზით თავიდან აცილებული ვერ იქნება; ზ) განაცხადი/წინადადება შესყიდვის პირობებს არ შეესაბამება და იგი, ამ კანონისა და სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, დაზუსტებას არ ექვემდებარება, ხოლო თუ მისი დაზუსტება შესაძლებელია – იგი დადგენილ ვადაში არ დაზუსტდება ან არასრულყოფილად დაზუსტდება; თ) ვერ დასაბუთდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა ამ კანონის 64-ე მუხლის შესაბამისად; ი) კანდიდატი/პრეტენდენტი უარს ამბობს შესაბამისი ხელშეკრულების დადებაზე ან მის დადებაზე უარს სხვაგვარად გამოხატავს; კ) კანდიდატი/პრეტენდენტი უარს ამბობს განაცხადზე/წინადადებაზე.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები ეხება აგრეთვე: ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრს – თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა; ბ) ქვეკონტრაქტორს – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.
3.პოტენციური ეკონომიკური რისკებისა და შესყიდვის ხელშეკრულების საგნის თავისებურებების გათვალისწინებით, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიძლება არ გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, თუ კანდიდატის/პრეტენდენტის მიმართ რეაბილიტაციის საქმის წარმოება მიმდინარეობს და შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია დაასკვნას, რომ ეკონომიკური ოპერატორი შეძლებს შესყიდვის ხელშეკრულების შესრულებას.
4.დაუშვებელია კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა) კანდიდატის/პრეტენდენტის საგადასახადო დავალიანება 1 000 ლარზე ნაკლებია; ბ) კანდიდატს/პრეტენდენტს გაფორმებული აქვს საგადასახადო შეთანხმება ან აღებული აქვს საგადასახადო დავალიანების გადახდის ვალდებულება უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების გაფორმებით.
5.შემსყიდველი ორგანიზაცია კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს საჯარო შესყიდვის ნებისმიერ ეტაპზე, თუ გამოვლინდება კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაასაბუთოს დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილება.
6.დისკვალიფიკაციის დეტალური პროცედურა განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
7.შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან დადგენილი წესით გამოითხოვოს ეკონომიკური ოპერატორის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მისი დისკვალიფიკაციის საფუძვლის არსებობის/არარსებობის დასადგენად, მათ შორის, გამოითხოვოს საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია ეკონომიკური ოპერატორის ან ამ მუხლით გათვალისწინებული სხვა პირის წერილობითი/ელექტრონული ნებართვის შემთხვევაში, აგრეთვე პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია.
